logo
ENG



კონგრესი: დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობა გადამწყვეტია დასავლური ინტეგრაციისთვის

08 სექ 202113:22
3 წუთის საკითხავი
 
კონგრესი: დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობა გადამწყვეტია დასავლური ინტეგრაციისთვის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტის კანონპროექტს, რომელიც 2022 ფისკალური წლისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველო მოაზრებულია აშშ-ის ღირებულ პარტნიორად, რომელიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესების განმტკიცების ერთგულია;

ასევე, ხაზგასმულია ქართველი სამხედროების მიერ ერაყსა და ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან ერთად შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. კანონპროექტში კიდევ ერთხელ დადასტურებულია ცალსახა მხარდაჭერა ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ.

სამხედრო კომიტეტი, ასევე, ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის როლს. 

ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობა გადამწყვეტია მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. 

ამასთან, კანონპროექტი კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისადმი აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების ურყევ ერთგულებას და მკაფიო მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავს რუსეთის განგრძობადი აგრესიისა და ოკუპაციის ფონზე. 

კონგრესი მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, განაგრძოს საქართველოს დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობის ამაღლებისა და შეკავების გასაძლიერებლად, მათ შორის, ლეტალური და არალეტალური შესაძლებლობებით.

კანონპროექტი რეგიონში სტაბილურობის უზრუნველოფის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მზადყოფნის ხელშეწყობას, ნატო-ს ძალებთან ურთიერთავსებადობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოსა და შავი ზღვის სხვა რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ჩართულობის გაძლიერებას.

დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობის გაგრძელება. 


close დახურვა