logo
ENG



კონგრესმა დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაცია გაასაჯაროვა

31 დეკ 202210:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/31/s7nhzbr5w7a50gb.jpg

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2015-2020 წლების საგადასახადო დეკლარაცია გაასაჯაროვა. დეკლარაციის გასაჯაროებაზე ბრძოლა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა და უზენაეს სასამართლომდეც მიაღწია.

გასაჯაროებული დეკლარაციიდან იკვეთება, რომ ტრამპმა და მისმა ცოლმა მელანიამ 2018 და 2019 წელს 1,1 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადი გადაიხადეს, ხოლო 2020-ში - 14 მილიონი დოლარი, თუმცა ბიზნესში მიღებული ზარალის გამო თანხის უკან დაბრუნება შეძლეს.

როგორც ჩანს, 2015, 2016, 2017 წლებში ტრამპი ასევე არ იხდიდა გადასახადებს ზარალის გამო - მათი კომპანიების ჯამური ფინანსური ზარალი ამ პერიოდში და 2020 წელს 82 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 2018 და 2019 წლებში ტრამპის ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა - მათ 29 მილიონი დოლარის შემოსავალი დაადეკლარირეს. ასევე დადასტურდა, რომ 2017 წელს პრეზიდენტობის პირველ წელს, ტრამპმა სახელმწიფო ხაზინაში მხოლოდ 750 დოლარი შეიტანა.

დეკლარაციების გასაჯაროებამდე დიდი ხნით ადრე მედიაში წერდნენ, რომ ტრამპი შესაძლოა თავისი კომპანიების ფინანსურ ზარალს იყენებდა იმისათვის, რომ გადასახადები არ გადაეხადა. მაგალითად, ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის შესახებ დეტალურად არის მოთხრობილი New York Times-ის გამოძიებაში, რომელიც 20-წლიან პერიოდს მოიცავს. გამოცემა აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტად არჩევამდე 15 წლიდან ათი წლის განმავლობაში, ტრამპმა საერთოდ არ გადაიხადა ფედერალური საშემოსავლო გადასახადი, რასაც მისი კომპანიების ქრონიკულ ზარალს უკავშირებდა. New York Times-მა ივარაუდა, რომ რეპუტაციის გამოყენებით ტრამპი წამგებიან კომპანიებს ყიდულობს, მაგალითად გოლფ კლუბები, ზარალი კი შემდეგ მას ეხმარება, თავი აარიდოს გადასახადებს.

ტრამპმა აღნიშნული სტატიას ფეიკი, მის პუბლიკაციას კი "კუდიანებზე მონადირეობის" მორიგი ეტაპი უწოდა.

დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი 2019 წლის დასაწყისიდან მოიპოვეს (მათ ის შეინარჩუნეს 2020 წლის არჩევნებში). მალე კონგრესის ბიუჯეტის კომიტეტმა დაიწყო ბრძოლა იმისთვის, რომ ტრამპს საგადასახადო დეკლარაცია გამოექვეყნებინა. ეს ბრძოლა სამი წელი გაგრძელდა და აშშ-ის უზენაეს სასამართლოსაც მიაღწია. ნოემბერში სასამართლომ დაუშვა, 6-წლიანი პერიოდის დეკლარაციები კომიტეტს გადასცემოდა. 21 დეკემბერს კი კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, დოკუმენტები გაესაჯაროებინათ - წინააღმდეგი მხოლოდ რესპუბლიკელები იყვნენ.

აშშ-ის პრეზიდენტებს საგადასახადო დეკლარაციების გამოქვეყნების ვალდებულება არ აქვთ. თუმცა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის შემდეგ ისინი თავიანთ დეკლარაციებს აქვეყნებენ, რათა დაამტკიცონ, რომ პრეზიდენტს ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს და არ აქვს წარსული ვალდებულებები.

ტრამპმა კი თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ამ ტრადიციას არ გააგრძელებდა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის ხელფასს (400 ათას დოლარს წელიწადში) ქველმოქმედებაში გადარიცხავდა. პირველ წლებში ის მართლაც ასე აკეთებდა, მაგრამ როგორც დეკლარაციებიდან იკვეთება 2020 წელს ასე არ მოხდა.


close დახურვა