logo
ENG



კონგრესმენები: მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისკენ, მელიას საქმის მშვიდობიანად გადასაწყვეტად

20 თებ 202115:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/20/6y820v1kggtnbfl.jpg

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა გრეგორი მიკსმა და კომიტეტის რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, მაიკლ მაკკოლმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

მასში ნათქვამია:  

"თბილისში პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ქმნის იმ დემოკრატიული პროგრესის შემცირების რისკებს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა ამდენი იბრძოლა და რთულად მისაღწევია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს და ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში მელიას საქმის მშვიდობიანად გადასაწყვეტად. ძლიერი და მოქნილი დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და მრავალპარტოულ სისტემას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონული სტაბილურობისთვის". 

კონგრესმენებამდე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გაავრცელეს სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა. 

მათ შეშფოთება გამოთქვეს ნიკა მელიას საქმეზე და თქვეს, რომ მსგავსი დევნა პოლიტიკაში არ უნდა ხდებოდეს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა. მას შემდეგ ენმ-ის ოფისში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი და მხარდამჭერია მობილიზებული. ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცველებს მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც გაიცა მისი პატიმრობის განჩინება. 

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 


close დახურვა