ჩვენ საქართველოს უნდა დავეხმაროთ, რათა იგი მზად იყოს მომავალში მსგავსი თავდასხმების განხორციელებისას, - ასე ეხმაურება Twitter-ზე ამერიკელი კონგრესმენი ჯონ კატკო საქართველო-რუსეთის ომის მეთორმეტე წლისთავს.
კატკოს განცხადებით, რუსეთმა საქართველოს ანექსია არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ კიბერსფეროშიც განახორციელა.
"ამ კვირაში საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან მე-12 წელი გადის. საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ანექსია და განგრძობითი ოკუპაცია მუდამ უნდა გვახსენებდეს ჩვენს მოკავშირე დემოკრატიებთან თანამშრომლობის საჭიროებას, მათი უმეტესობა ხომ აშშ-ის დახმარებით ცდილობს მტრულ სახელმწიფოებთან გამკლავებას.
რუსეთმა ანექსია არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ კიბერსფეროშიც განახორციელა. რუსეთმა საქართველოს საკომუნიკაციო სივრცეზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმების განხორციელებით, მნიშვნელოვნად შეაყოვნა საქართველოს შესაძლებლობები და მისი საპასუხო ნაბიჯები. საქართველოსთვის ჩვენი ერთგულების კიდევ ერთხელ დადასტურების პარალელურად, ჩვენ საქართველოს უნდა დავეხმაროთ, რათა იგი მომავალში მსგავსი თავდასხმების განხორციელებისას მზად იყოს", - წერს კატკო.
კატკოს თქმით, მსოფლიოსთვის კვლავ საჭიროა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემაზე მითითება, რადგან რიგი სახელმწიფოები აგრესიულ ქმედებებს კვლავ ახორციელებენ.