logo
ENG



კონგრესმენმა ოლსონმა ივანიშვილი ადამიანის უფლებების განადგურებაში დაადანაშაულა

29 იან 202020:30
3 წუთის საკითხავი
 

კონგრესის ტრიბუნაზე უმწვავესი გამოსვლა ერთგვარი ლოგიკური გაგრძელება და კულმინაციაც კი იყო იმ კრიტიკული წერილების, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს თავს დაატყდა ბოლო დღეებში. ამერიკაში საქართველოს ელჩს პარტნიორების შეშფოთებასთან დაკავშირებით ფორმულასთან განმარტებების გაკეთება არ სურს. ის ტონი, რომელიც დიდი ხანია გაცდა დიპლომატიას და რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უმთავრესი პარტნიორისგან დაიმსახურა, ვაშინგტონისთვისაც კი უჩვეულოა.

პიტ ოლსონმა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მწვავე კრიტიკისთვის უკვე საჯარო ტრიბუნა გამოიყენა.  წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე კონგრესმენი მოხსენებით გამოვიდა და ქართული ოცნების ლიდერი ვლადიმერ პუტინის მარიონეტად მოიხსენია. ქართველი დემონსტრანტების ამსახველი ბანერის ფონზე  კონგრესმენმა ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი უცხოურ კომპანიებზე თავდასხმასა და ადამიანის უფლებების განადგურებაში დაადანაშაულა.

კონგრესმენმა თავის გამოსვლაში კრიტიკული შედარებაც მოიყვანა და ბიძინა ივანიშვილი ცნობილი საბავშვო ტელე-შოუს "სეზამის ქუჩის" მთავარ გმირს „უჟმურ ოსკარს" შეადარა, რომელიც სანაგვე ურნაში ცხოვრობს.

ამერიკელი კონგრესმენის მწვავე შეფასებებზე კომენტარისგან თავი შეიკავა შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, რომელიც რამდენიმე დღის წინა აცხადებდა, რომ პარტნიორების მხრიდან ასეთი ტონი მიუღებელია.

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მწვავე განცხადებებს ხელისუფლების ქმედებების მიმართ, საფუძვლიანს უწოდებს დენიელ ფრიდი. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კარგად იცნობს, განმარტავს, რომ დასავლეთის კრიტიკას ქართული ოცნების ლიდერები სერიოზულად უნდა მიუდგნენ.

„როდესაც ქართული ოცნების ლიდერი ქვეყნის პოლიტიკაში თამაშობს ასეთ როლს და ამასთან არ ფლობს არანაირ არჩევით თანამდებობას და დემოკრატიულად დაწესებულ მანდატს, შეკითხვები ყოველთვის გაჩნდება.  როდესაც ვინმესთან საუბრობ, არასწორია მისი კონკრეტული ხაზის გაზიარება. თავად უნდა შეაფასო.  საქართველოს მთავრობამ უფრო მეტი რამ უნდა გააკეთოს, ვიდრე უარყოს შეშფოთება, რადგან ამერიკის კონგრესის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს არაფერში სჭირდება ისე გამოჩნდეს, რომ კონგრესს არასერიოზულად აღიქვამს“, -  განაცხადა დენიელ ფრიდმა.

ქართული დემოკრატიის მთავარ გამოწვევად შვედი დიპლომატი კორუფციას ასახელებს. ანა ვესტერჰოლმი, რომელიც ბრუკინგზის ინსტიტუტში აღმოსავლეთ პარტნიორობის თემაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ პირველ რიგში საქართველომ კორუფციის პრობლემას უნდა მიხედოს.

„ერთ-ერთი დაბრკოლება კორუფციაა. თუმცა ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის. ეს პრობლემა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაშია. კორუფცია ყოველთვის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რომელიც ხელს უშლის ხალხის ნდობას ინსტიტუტების და მათი კარგად ფუნქციონირების მიმართ“, - აცხადებს ანა ვესტერჰოლმი.

ამერიკელი კონგრესმენის მწვავე გამოსვლას წარმომადგენელთა პალატაში წინ უძღოდა კრიტიკული წერილები პრემიერის სახელზე ვაშინგტონიდან. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის კანონმდებლები ევროპელ კოლეგებთან ერთად შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ოპოზიციის დევნის, საინვესტიციო გარემოს გაუარესების და საარჩევნო რეფორმის დაპირების შეუსრულებლობის გამო. უცხოელი პოლიტოლოგებიც ურჩევენ ქართულ ოცნებას დასავლეთის შენიშვნებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს.   


close დახურვა