logo
ENG



კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

27 სექ 202312:26
3 წუთის საკითხავი
 
კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ვახო ქარელი/ფორმულა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები, ლექტორები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები კულტურის სამინისტროს პოლიტიკას აპროტესტებენ.

კონსერვატორიის რექტორის არჩევნებამდე 10 დღით ადრე მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზე არჩევნების პროცესი შეჩერდა. სამინისტრო პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს, თუმცა უშუალოდ რაზეა საუბარი, არ ასახელებს.

"პირველი იქნებოდა გია [ყანჩელი] აქ, თავისთავად, ამიტომაც მეც მოვედი, გიას მაგივრად", - განაცხადა კომპოზიტორ გია ყანჩელის ცოლმა, რომელიც კონსერვატორიასთან აქციას შეუერთდა.

აქციის მონაწილეებს აქვთ შეგრძნება, რომ სამინისტროს მხრიდან კონსერვატორიაზე ზეწოლა ხორციელდება.

"ასეთი სიურპრიზები, არჩევნებამდე 10 დღით ადრე გვაფიქრებინებს რაღაცას, რომლის დადასტურებაც ბოლომდე არ შეგვიძლია, მაგრამ გაპროტესტების უფლებაც გვაქვს", - ამბობს პროფესორი თამარ ჟვანია. 

პიანისტი გიორგი გილიგაშვილი ამბობს, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრის გამართვას გეგმავენ:

"თეა წულუკიანისგან ყველაფერს ველოდებოდით და ველით კიდევ მომავალში. ახლა გონება უნდა ჩავრთოთ ყველამ და უნდა ვიმოქმედოთ ძალიან გააზრებულად. გვექნება შეკრება იმისათვის, რომ დავადგინოთ როგორ ვიმოქმედოთ, რომ ეს ქალი ასე თავაშვებული აღარ იყოს".

26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. მინისტრის ბრძანებით გაუქმდა არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება.

20 სექტემბერს მინისტრის საათზე კულტურის მინისტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში "რეფორმით" დაიმუქრა. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი "ხარვეზია" და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.


close დახურვა