logo
ENG



კონსილიუმის ექიმი: ტიკარაძე დაეთანხმა, რომ ციხეში სააკაშვილის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი

18 ნოე 202121:11
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/18/2434xatmu54a96e.png

ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმის, რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიას განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა კონსილიუმის წევრებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კლინიკაში. ჟურნალისტებთან საუბარში ისი აღნიშნავს, რომ მისი შთაბეჭდილებით, ექიმებმა შეძლეს მინისტრის დარწმუნება. 

"ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა. ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთი, როგორც ექიმის, და არა როგორც პოლიტიკური მორვაწის. ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს და ალბათ, შეეცდება რაღაცის გაკეთებას. ანუ დაეთანხმა, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნას პოლიპროფილურ კლინიკაში.

ამ შეხვედრიდან დამრჩა პოზიტიური შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი ეკატერინე და მისი მოადგილე ბევრად უფრო ახლოს არიან ექიმების პოზიციასთან, ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელების" - თქვა ექიმმა.

18 ნოემბრის საღამოს ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ თვალწინ გონება დაკარგა. მას დამატებითი ინფორმაცია არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ პატიმარი ოთახიდან საკაცით გაიყვანეს. 

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც რეანიმატოლოგმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია, ადგილი ჰქონდა მცირეხნიან გონების დაკარგვას. 

"პაციენტი არის სტაბილურ მგომარეობაში. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები - არის ნორმის ფარგლებში. მცირე, რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტს უტარდება კიდევ კვლევები და მერე უფრო დეტალურად გეტყვით. მცირეხნიანი გონების კარგვა იყო. რეანიმაციაში წევს ახლა. კონტაქტურია. კონსულტაციისთვის ვიყავი მოსული - შემთხვევით მოვხვდი აქ. პაციენტთან მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა", - განაცხადა რეანიმატოლოგმა. 

 


close დახურვა