გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა გაწირა დესტაბილიზაციისთვის.
„წარმოვიდგინოთ, საკითხი ეხება ყანას, სადაც გვყავს დაქირავებული მუშები. ეს მუშები სარეველას ნაცვლად ჭრიან სიმინდს. გადავწყვიტეთ, რომ გავუშვათ ეს მუშები და სხვები დავიქირავოთ. იმათმა სარეველას ნაცვლად, ისევ სიმინდის მოჭრა გააგრძელეს.
ახლა ვიღაცებს უნდათ, რომ ეს მუშები, რომლებიც ჩვენს მოსავალს ანადგურებენ, თავზე დაგვასვან და სიცოცხლის ბოლომდე ხელფასი ვუხადოთ. ეს არის ქვეყნის გაწირვა დესტაბილიზაციისთვის, როდესაც ქვეყანაში უსამართლობაა, ის ქვეყანა ვერ დამშვიდდება. იმიტომ ვერ დამშვიდდა ქვეყანა ნაციონალების დროს და იმიტომ ვერ მშვიდდება დღეს“, - განაცხადა კოჟორიძემ.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, აქედან 2 მოქმედი მოსამართლეა. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა თამარ ალანიას, შოთა გეწაძის, პაატა სილაგაძის, ლაშა ქოჩიაშვილისა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კადნდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლიან, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.