logo
ENG



კორონავირუსი - ოცნება საპარლამენტო არჩევნების გადადებას განიხილავს

19 მარ 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნება არჩევნების გადადების სცენარს განიხილავს. ბიძინა ივანიშვილის გუნდი თეორიულ შანსს უშვებს, რომ ეპიდსიტუაციის გამწვავების გამო საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე არ ჩატარდეს. ამ განცხადების გამო ირაკლი კობახიძეს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუხდა. „ოცნების" აღმასრულებელი  მდივანი ამტკიცებს, რომ მისი პროგნოზი არჩევნების ჩაშლის შესახებ, მხოლოდ თეორიულ გათვლებს ემყარება. ეს ნიშნავს იმას, რომ თეორიულად მაგრამ მაინც „ოცნება" ყველა სცენარისთვის ემზადება. მათ შორის არის საპარლამენტო არჩევნების გადავადება.

რატომ ალაპარაკდა „ქართული ოცნება" 7 თვით ადრე არჩევნების გადადებაზე - კითხვაზე პასუხის პოვნა ოპოზიციას არ გასჭირვებია. პოლიტიკური პარტიების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა მავნებლურია და ის ძალაუფლების გახანგრძლივებას ემსახურება. თუმცა მაინც - ოპოზიცია  ოპტიმიზმს არ კარგავს და დარწმუნებულია, რომ ეპიდემია მალე დასრულდება, არჩევნები კი დათქმულ დროს გაიმართება.

თუმცა სანამ დღის წესრიგში არჩევნების ჩატარების საკითხი დადგება, „ოცნებამ" დაპირება უნდა შეასრულოს და საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცოს. კორონავირუსის გავრცელებამ პრობლემები ამ პროცედურას შეუქმნა - საერთო სახალხო განხილვები დისტანციურად უნდა წარიმართოს. იურისტები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება ცვლილებების მისაღებად რესურსს გამონახავს. რაც შეეხება არჩევნების გადავადებას,  იურისტები ფიქრობენ, რომ თუ წინასაარჩევნო კამპანია სრულფასოვნად ვერ წარიმართა, არჩევნების ლეგიტიმაცია გადაიხედება. თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ოპოზიციასთან შეთანხმებით უნდა მიიღოს

არჩევნებისთვის კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი შესაძლოა საგანგებო ვითარების გამოცხადება გახდეს. კონსტიტუციის თანახმად, კენჭისყრის პროცედურა ქვეყანაში ტარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან  60 დღეში. თუმცა „ოცნება" ჯერ ქვეყანაში განსაკუთრებული ზომების მიღებას არ ჩქარობს.


 


close დახურვა