საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი საქართველოს ბანკის სანზონის ფილიალის თანამშრომელია. როგორც „საქართველოს ბანკში“ „ფორმულას“ განუცხადეს სანზონის ფილიალი, რომელშიც დაინფიცირებული თანამშრომელი მუშაობდა არ დახურულა.
თემასთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკი“ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები“,-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა - აღნიშნული, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.