კორონავირუსის გავრცელების გამო 16 მილიონი ადამიანი იტალიის ჩრდილოეთში კარანტინში მოექცა. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აკრძალვები ამოქმედდება მთლიანად ლომბარდიაში და ქვეყნის სხვა ოლქების 14 პროვინციაში. შეზღუდვები შეეხება ვენეციასა და მილანსაც.
ქვეყნის პრემიერის განცხადებით, ამ ტერიტორიებზე შესვლა და მათი დატოვება აიკრძალება. იკრძალება გადაადგილება თავად იმ პროვინციებს შორის, რომლებიც კარანტინის ზონაში ექცევიან.
ქვეყნის მასშტაბით დახურული იქნება მუზეუმები, აუზები, სპორტული დარბაზები, ღამის კლუბები. არ ჩატარდება კულტურული ღონისძიებები. სპორტული სანახაობები კი მაყურებლის გარეშე ჩაივლის.
კარანტინის რეჟიმის დამრღვევებს 3 თვემდე პატიმრობა ემუქრებათ. იტალიაში კორონავირუსით თითქმის 6 ათასი ადამიანია დაავადებული. მსხვერპლის რაოდენობამ კი 230-ს მიაღწია.