საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვისა და კორონავირუსის პანდემიის გამო ახალგორის მოსახლეობის სიცოცხლე საფრთხეშია. მოსახლეობა დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს. ახალგორის ფაქტობრივად უკვე 9-თვიანი იზოლაციის გამო, ადგილზე შექმნილია ჯანდაცვის მწვავე პრობლემები, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლები შეშფოთებას გამოთქვამენ.
ისინი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებენ, რომ სხვადასხვა დაავადებების მქონე პაციენტები ადგილზე სათანადო მკურნალობას ვერ იღებენ, რაც ხშირად მათი გარდაცვალების მიზეზიც ხდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ასეთ ორ შემთხვევაზე საუბრობენ ადგილობრივები. მათი ინფორმაციით, ახალგორის სამედიცინო პერსონალს პაციენტებისთვის ფაქტობრივად მხოლოდ გადასხმის, კარდიოგრამის გადაღებისა და წნევის გასინჯვის შესაძლებლობა აქვთ, სხვა სამედიცინო სერვისების მიღება კი თითქმის შეუძლებელია.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ორი კვირის წინ მოულოდნელად ავად გახდა 65 წლის ზაურ ჩიტიშვილი. ორი კვირის განმავლობაში მას დიარეა და გულის რევა აწუხებდა. ჩიტიშვილმა ორჯერ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მაგრამ ექიმები მას მხოლოდ ანალგინს და დიმედროლს სთავაზობდნენ , ერთხელ კი ლეომიცეტინიც დაუნიშნეს. არასათანადო მკურნალობის შედეგად იგი გარდაიცვალა. კიდევ ერთი შემთხვევა ასევე რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ახალგორის ერთ-ერთი მცხოვრები მოათავსეს საავადმყოფოში. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მკურნალობდნენ, რის შემდეგაც გარდაიცვალა, თუმცა მათი ვარაუდით, სათანადო მკურნალობის პირობებში მისი სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იყო. კიდევ ორი პაციენტია მძიმედ, რომლებიც ახალგორის საავადმყოფოში მკურნალობენ. ერთ-ერთს გულის შუნტირება ესაჭიროება, მეორეს კი ქიმიოთერაპია. მოსახლეობა შიშობს, რომ არასათადო მკურნალობის პირობებში მათი სიცოცხლე უახლოეს პერიოდში საფრთხის ქვეშ დადგება.
„ფორმულა“ დაუკავშირდა ახალგორში მცხოვრებ აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს. იგი ადასტურებს, რომ ჯანდაცვის კუთხით რაიონში მძიმე მდგომარეობაა და საქართველოს ხელისუფლებას რაიმე ზომების მიღებისკენ და შესაბამისი კავშირების ამოქმედებისკენ მოუწოდებს.
„პანდემიამ ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მე-9 თვეა გადაადგილება შეზღუდული გვაქვს. მცირე დაავადებებზეც კი, ადგილზე არსებული ჯანდაცვის მძიმე პრობლემების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდა. ახლა, ფაქტობრივად, ორმაგი კარანტინი გვაქვს. ბიბილოვის გადაწყვეტილებით, შეზღუდულია გადაადგილება თბილისის მიმართულებით, ჩაკეტეს პერევის პუნქტიც. სათანადო მკურნალობას ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იღებს ვერც ცხინვალში... ბოლო პერიოდში სასწრაფოსაც აღარ მიყავს პაციენტები ახალგორიდან, რადგან ცხინვალში პანდემიას უფრთხიან და ქალაქი მთლინად ჩაკეტილია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ცხინვალის მოსახლეობა წითელი ჯვრის მეშვეობით თბილისში სამკურნალოდ გადმოსვლას ახერხებს, ჩვენ კი ყველა გზა მოჭრილი გვაქვს“, - აცხადებს მეარაყიშვილი.
ახალგორში არსებულ პრობლემებზე რუსული გამოცემა „ეხო კავკაზაც“ წერს.