"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტი შინაური ბინადარი ცხოველის (კატა, ძაღლი) მოვლის, ვეტერინარული მომსახურების, მიკედლების, გასეირნებისა, ყოლის, გამრავლებისა და რეგისტრაციის წესებს ადგენს. ამასთან განისაზღვრება გარკვეული ჯარიმები.
ქართული ოცნების მიერ ინიციირებული პროექტის თანახმად, მაგალითად, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. ამასთან, ცხოველის შეყვანა აიკრძალება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში და საბავშვო და სპორტულ მოედნებზე (ჯარიმა 50 ლარი).
"წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელი და სათანადო ინსტიტუციების განსაზღვრა და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველის თანაარსებობა უსაფრთხო და საიმედო გარემოში", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს "შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობას, დაარეგულირებს ცხოველთა სამართლებრივ სტატუსებს (პატრონიანი, უპატრონო, მიკედლებული)". როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ეს ბაზა დაადგენს მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს, მათ შორის, მათი მიტოვების აკრძალვას.
დოკუმენტის თანახმად, აიკრძალება ცხოველის მიტოვება გარდა ამ კანონით გათვალისწინებული ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის "შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების არსებობის შემთხვევებისა": დარღვევა გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით.
მეპატრონე ვალდებული იქნება ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ცხოველის დაბადებიდან 2 თვის ვადაში ან მფლობელობის დაწყებიდან 5 სამუშაო დღეში. სავალდებულო ხდება ცხოველის ყოველწლიური (საკონტროლო) რეგისტრაცია. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება 100-ლარიანი ჯარიმა, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 200 ლარი.
კორპუსის საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა დასაშვები იქნება ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე. შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი არ აღემატება 2 თვეს. ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევისათვის 300 ლარი ოდენობის ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.
მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის მეპატრონე უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის პირი და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიზნით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს შემდეგი ცნობები: ა) ნასამართლობის, დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; ბ) კინოლოგიური დაწესებულებიდან, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის მართვის თაობაზე შესაბამისი კურსის (მეპატრონისა და მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის ერთობლივი ჩართულობით) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კანონპროექტის თანახმად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ცხოველის მიკედლების უფლება აქვთ, თუმცა მიკედლება დაუშვებელია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენის, ბაზრის, სამედიცინო კლინიკების, ავტოსადგურების და სასაფლაოს ტერიტორიაზე.
აიკრძალება არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველებისთვის ვეტერინარული ოპერაციის ჩატარება, მაგალითად: ა) ყურების კუპირება; ბ) ყბის ძვლის კუპირება; გ) კუდის კუპირება; დ) ეშვების მოცილება; ე) კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა; ვ) სმენის დაქვეითება; ზ) ხმის იოგების გადაჭრა.
ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მეტროში, საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დასაშვები იქნება, ერთდროულად საბელის და ალიკაპის გამოყენებით, ხოლო კატებისა და მცირე ზომის ძაღლების შემთხვევაში - სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით. დარღვევა გამოიწვევს 150-ლარიან ჯარიმას, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარი.
ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით.
ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 100 ლარი იქნება.
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, კანონი ეტაპობრივად 2024 წლის ივლისიდან სამი წლის განმავლობაში ამოქმედდება.
ინიცირებულ კანონპროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.