4 ივნისს ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ სკვერში თბილისის მერს, კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პერიოდში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ოპონენტებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში პარტიის გენერალური მდივანი პირადად მონაწილეობდა.
კალაძის სახელს უკავშირდება 2016 წლის 24 მაისს, კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირებაც, სადაც სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების შედეგად 6 ადამიანი საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მათ შორის 2 პოლიციელი იყო.
2016 წლის 24 მაისის კორცხელის ინციდენტმა ქვეყანაში მანკიერი პრაქტიკა განაახლა. ახლა კი იმის საშიშროების წინაშე ვდგავართ, რომ კორცხელის სინდრომი მთელს ქვეყანას არ მოედოს და პოლიტიკოსებმა არგუმენტებით საუბარს მუშტიკრივი არჩიონ.