ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა კახი კალაძის მიერ იყო დაგეგმილი, დედაქალაქის მერი გამოეხმაურა.
„ხაბეიშვილისგან არ მიკვირს ბინძური განცხადებები, ეს მისი სტილია. მიუღებელია ჩემთვის ძალადობა და შეურაცხყოფა. შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები და მესმის, რომ იქნება პოლემიკა, მაგრამ გადახვიდე ოჯახის წევრებზე, ჩემთვის მიუღებელია. საარჩევნო წელია და მსგავსი პროვოკაციები იქნება მოსალოდნელი, ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს და თანაგუნდელებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აჰყვნენ პროვოკაციებს“, - აცხადებს კახა კალაძე.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებებით ხელისუფლების წარმომადგენლები ახალისებენ ძალადობას და აანონსებენ წინასაარჩევნოდ პროვოკაციებს.
„პირდაპირ დაანონსებაა, რომ გამწვავდება სიტუაცია და თავად იქნებიან გამწვავებლები. კალაძემ კი გაამართლა, რაც მოხდა საკრებულოში და ფორმალურად მოუწოდებს სიმშვიდისკენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს", - ამბობს თამარ კორძაია.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ კალაძის მხრიდან ძალადობის დაგმობა ცინიზმია და ასეთი რეჟიმი უნდა დასრულდეს.
„კახი კალაძის რაიმე განცხადება არის ცინიზმი და უტიფრობა. ეს ადამიანი მფარველობს ძალადობრივ ჯგუფებს. ლევან ხაბეიშვილს წლების განმავლობაში აყენებდა შეურაცხყოფას და ახლა ლაპარაკობს ძალადობისგან თავის შეკავებაზე“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
კოკა გაბაშვილი ეთანხმება ირაკლი ნადირაძეს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის განცხადებები სამარცხვინოა.
„ეს განცხადებები სამარცხვინოა უფრო მეტად, ვიდრე ფაქტი. როგორც გამოდიან და ამართლებენ, კრიტიკა და მწვავე კრიტიკა შეიძლება თურმე პასუხგაცემული იყოს ამ მეთოდებით“, - ამბობს კოკა გაბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა.