რესპუბლიკური პარტიის წევრის, თამარ კორძაიას თქმით, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება სცდება გონივრულობის ფარგლებს.
მისივე შეფასებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნების შესრულებას ემსახურება.
"ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა რეგრესის გზაზე დააყენეს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. რატომ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამ ოფისში შეკრებილ ადამიანებს აქვთ უსამართლობის განცდა. დღეს ამ ადამიანს გამოუტანეს უკანონო განაჩენი. მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში ვითარება იძაბება, ეკისრება ქართული ოცნებას. ბიძინა ივანიშვილის ნების შესრულებას უყურებთ. სრულიად უდანაშაულო ადამიანს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე უსჯიან პატიმრობას იმის გამო, რომ ის არის გამოკვეთილი ლიდერი, გამორჩეული მებრძოლი საქართველოს მომავლისთვის და ამას არ პატიობს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი". - თქვა თამარ კორძაიამ.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძება - გირაო პატიმრობით შეუცვალა. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ენმ-ის წევრები ამბობენ, რომ ნიკა მელია სამართალდამცველებს თავისი ნებით არ ჩაბარდება და რომ ისინი მელიას ფიზიკურად დაიცავენ. პარტიის ოფისში შეკრებილები არიან სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, შენობის გარეთ კი მობილიზებულია სპეცრაზმი.
ბრალდება ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს თანხა არ გადაიხადა. ვინაიდან, მისი თქმით, "როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ე.წ. ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ამ სიყალბეში მონაწილეობა მიიღოს".
საქმეს კი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განიხილა, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთ პოლიტიკურ საქმეზე მიიღო ხელისუფლებისთვის მისაღები გადაწყვეტილება.
2019 წლის ივლისში 20 ივნისის ღამის საქმეზე ჩახნაშვილმს არც ერთი პირი, მათ შორის არც მაკო გომური, დაზარალებულად არ ცნო და ეს გადაწყვეტილება პროცესის გამართვის გარეშე, ზეპირი მსჯელობით მიიღო.
ამავე წელს, მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა.
ასევე, 2020 წლის აპრილში ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის გამო ბრალდებულ ბადრი ქათამაძეს ორ თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თელავის სასამართლოში, ერთწლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მიღებამდე, ჩახნაშვილი 2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე.
კორძაია: მელია მომავლისთვის გამორჩეული მებრძოლია, ამას არ პატიობს ივანიშვილის რეჟიმი