logo
ENG



კორძაია პარლამენტში ერთჯერადად შესვლაზე: თემა ამოიწურა, ოცნება არ წამოვიდა კომპრომისზე

11 თებ 202112:19
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია მათ ინიციატივაზე, პარლამენტში ერთჯერადად შესვლაზე, ამბობს, რომ "თემა ამოიწურა", რადგან ქართული ოცნება კომპრომისზე არ წავიდა. ამით იგი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინადაძის განცხადებას გამოეხმაურა.

"ამ განცხადებამ აჩვენა, რომ ქართული ოცნება კვლავინდებურად კედელაღმართული დგას, არანაირ კომპრომისზე წამომსვლელი არ არის. ინიციატივის კომპონენტი იყო პოლიტიკური პარტიების საერთო თანხმობის შემთხვევაში ამის გაკეთება.

პოლიტიკურმა პარტიებმა გამოხატეს პოზიცია, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნებისა და ამას მოყოლებული საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების ფარგლებში არიან მზად, შევიდნენ და ხმა მისცენ, შესაბამისად ვფიქრობ, თემა უკვე ამოიწურა და ამ ფორმით, ამ საკითხზე საუბარი რთული იქნება, ქართული ოცნებაც კი არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე", - ამბობს თამარ კორძაია. 

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებას უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში ერთჯერადად მონაწილეობის შესახებ, "ბავშვური თამაში" უწოდა.

"მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია", - განაცხადა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში და დასძინა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვა მწვავე გამოწვევები უფრო მნიშვნელოვანია. 

2019 წელს მიღებული საარჩევნო ცვლილებების მიხედვით, ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება. იმისათვის, რომ საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწიოს ან სრულად მოიხსნას, საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტში 96 დეპუტატია, მოქალაქეებისა და პატრიოტთა ალიანსის სიით შესული ევროპელი სოციალისტების ჩათვლით. საკონსტიტუციო კვორუმის შეკრებას 17 დეპუტატის პარლამენტში შესვლა დასჭირდება.

გირჩის ლიდერები საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას სწორედ 0%-იანი ბარიერის სანაცვლოდ განიხილავენ, თუმცა დანარჩენი ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის ნაცვლად, მოლაპარაკებების მთავარ საკითხად კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას განიხილავს. 

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ჯგუფებიდან, რესპუბლიკულმა პარტიამ მზაობა განაცხადა, ინიცირების შემთხვევაში, ერთჯერადად გამოიყენონ საპარლამენტო მანდატები და მხარი დაუჭირონ ბარიერის განულების ინიციატივას. იმავე პოზიციას იზიარებს ევროპული საქართველოს წევრი არმაზ ახვლედიანი. 

იმ შემთხვევაში, თუ სამივე დეპუტატი კენჭისყრაში მონაწილეობის გადაწყვეტილებას მიიღებს, ინიციატივის არსებობის პირობებში, საარჩევნო ბარიერის განულებას კიდევ 14 ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. 


close დახურვა