logo
ENG



კორძაია ცესკოს: გადმოგვეცით ბიულეტენის ნიმუში ექსპერტიზის ჩასატარებლად

30 ოქტ 202411:25
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, თამარ კორძაიას, განცხადებით, მან და მისმა პარტიამ საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბნის შედეგი გაასაჩივრეს. ამის მიზეზი კი, ვიდეომტკიცებულებების სახით, ქართული ოცნების კომისიის წევრების ქმედებაა, კერძოდ, ისინი, კორძაიას თქმით, არჩევნებამდე თავიანთ ამომრჩეველს ხმის მისაცემად ამეცადინებდნენ.

"მათ ეუბნებიან, რომ მეორე მხარეს გამოჩნდება ვის გააფერადებენ. გუშინდელი გადათვლის შედეგებით, ყველა ბულეტენზე ჩანს, როგორ მისცა ამომრჩეველმა ხმა. ეს არის ამომრჩევლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლების, თავისუფალი არჩევნის გაკეთების უფლების შელახვა. მას ჰქონდა ტოტალური და მასობრივი ხასიათი. 

ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ დღეს, არავის აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს, ვინ გააკეთა ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევანი", - განაცხადა კორძაიამ.

თამარ კორძაია მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, რომ არ უარყოს ბიულეტენზე გაფერადებული წრის შემჩნევადობა. 

"თქვენ [კალანდარიშვილი] ყველას ასწავლიდით, რომ ბიულეტენი უნდა გადააბრუნოთ და ისე შეაცუროთ, მაგრამ ფარულობას არ იცავდა არც ერთი პროცედურა, რადგან გადაბრუნების შემთხვევაშიც ძალიან კარგად ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამიტომ ამ გაყალბებასა და ზემოქმედებას ჰქონდა ტოტალური ხასიათი. 

გადმოგვეცით ბიულეტენის ნიმუში, იმისათვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ის ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება დღის წესრიგში, მასობრივი ძალადობისა და მასობრივად, ტოტალური ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით", - თქვა თამარ კორძაიამ.

ერთიანობის წევრის განცხადებით, ის, ასევე, ცესკოსგან მოითხოვს ოპოზიციური პარტიებისთვის, იმ ქვითრების გადაცემას, რომელიც სმარტმატიკის ვერიფიკაციას დაადასტურებს.


close დახურვა