logo
ENG



კორძაიას თქმით, კუჭავამ კანონი დაარღვია და საარჩევნო უბანზე სააგიტაციო მასალით მივიდა

02 ოქტ 202110:59
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ამ დრომდე საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. კორძაიას თქმით, სამწუხაროა, რომ პირველ რიგში, დარღვევების მაგალითი პარლამენტის თავმჯდომარემ აჩვენა. 

როგორც მან აღნიშნა, კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე სააგიტაციო მასალით მივიდა და ეთერში განაცხადა, თუ ვის მისცა ხმა. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ დარღვევების მაგალითი საქართველოს მოქალაქეებს აჩვენა პარლამენტის თავმჯდომარემ და იგი მივიდა საარჩევნო უბანზე სააგიტაციო მასალით - პირბადით, სადაც მისი პარტიის ნომერი იყო მითითებული და ასევე, სატელევიზიო ეთერშიც განაცხადა, რომ 41-ს მისცა ხმა დაა სამწუხაროა, რომ ამას პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს. 99-ე უბანზე იგივე ქმედება განახორციელა პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელმა", - თქვა კორძაიამ. 

კორძაია ამბობს, რომ ბევრი დარღვევა გამოვლინდა ვაკის ოლქშიც, სადაც ბიულეტენები ხარვეზით იყო მიტანილი.  

"ბევრი პრობლემა გამოვლინდა ვაკის ოლქში, სადაც ბიულეტენები იყო ხარვეზით მიტანილი. 36-ე უბანზე შეჩერდა კენჭისყრა, სანამ არ გამოსწორდა ხარვეზი. მსგავსი პრობლემები იყო 39-ე, 44-ე, 58-ე, მე-60, 74-ე უბნებზე. მოვუწოდებ ცესკოს, რომ მის მიერ არასათანადოდ დაგეგმილი ხარვეზები დროულად გამოასწოროს", - ამბობს კორძაია. 

რაც შეეხება ისნის ოლქს, მისი შეფასებით, ამ ოლქში საგანგაშო ვითარებაა.

"ისნის საოლქო საარჩევნო კომისიამ საერთოდ არ მიაწოდა საუბნო საარჩევნო კომისიებს კოვიდუბნების სიები და შესაბამისად, არის რისკი, რომ ადამიანები, რომლებიც კოვიდუბნებზე არიან სიაში და არ აქვთ ეს მონაცემები ძირითად უბანს, ორჯერ მისცენ ხმა, რაც ასევე საგანგაშოა და იმის წინაპირობაა, რომ შესაძლოა არჩევნების პროცესში იყოს გაყალბება, ამის კონკრეტული მაგალითია მე-60 უბანზე", - თქვა კორძაიამ და აღნიშნა, რომ გლდანში მმართველი გუნდის მხრიდან მხარდამჭერების მობილიზებაა დაა მასობრივად ირღვევა 100 მეტრიანი დისტანცია. 

კორძაიამ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ცესკოს რეაგირებისკენ მოუწოდა. 

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 


close დახურვა