ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კრამერმა ტელეკომპანია პირველთან საუბრისას თქვა, რომ ამერიკის კონგრესში არ არსებობს მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნის თვალსაზრისით.
კრამერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინაამდეგ კიდევ უფრო მკაცრი საქციების დაწესების მომხრეა.
"რაც შეეხება ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განკარგულების გახანგრძლივებას, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, თუმცა ერთდროულად გარკვეულ წინააღმდეგობრივ გზავნილებსაც აჩენს. როცა გაქვს სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივან რუბიოსთან, რომლის შესახებაც ბევრი დეტალი არ გამოქვეყნებულა, და ამავე დროს გვაქვს ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მე ვუჭერ მხარს, ვფიქრობ, რომ ეს იყო დადებითი ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, სანქციების გაგრძელების თვალსაზრისით, თუმცა მე უფრო მეტის ნახვა მსურს.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ მიმართულებით ვერ იმოქმედა სათანადოდ. მას ჰქონდა შესაძლებლობა, დაეწესებინა დამატებითი სანქციები პრემიერ-მინისტრზე და ქართული ოცნების მთავრობის სხვა წევრებზე მათი ქცევის გამო, თუმცა ეს არ გააკეთა. მე მინდა ვნახო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებს ქართული ოცნების მთავრობის მიმართ. 14 024 განკარგულების გაგრძელება ჩემთვის დადებითი მოვლენა იყო, მაგრამ სიგნალები გარკვეულწილად დამაბნეველია იმ მხრივ, თუ რა არის რეალურად ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა.
თბილისში ამჟამად არ არის აშშ-ის ელჩი, და ეს ნამდვილად დაეხმარებოდა სიტუაციას, თუ დაინიშნებოდა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი და სენატის მიერ დამტკიცებული პირი. ეს გარკვეულ სიცხადესაც შემოიტანდა. ალან პერსელი, ვისთანაც მე ვთანამშრომლობდი სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დროს, შესანიშნავი დიპლომატია, თუმცა მას არ აქვს ის სტატუსი, რაც სენატის მიერ დამტკიცებულ ელჩს გააჩნია. მოეხსნება თუ არა ივანიშვილს სანქციები? - არ მგონია.
ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის პოზიცია. როგორც იცით, კონგრესმენი ჯო უილსონი აქტიურად მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს უფრო მკაცრი მიდგომისკენ „ქართული ოცნების“ მიმართ. სენატორი შაჰინიც ასევე მკვეთრი კრიტიკოსია ამ მთავრობის. საინტერესო იქნება ვითარება ახლა, რადგან წარმომადგენელთა პალატამ, როგორც იცით, უკვე მიიღო „მეგობარი აქტი“, თუმცა ის აშშ-ის სენატში შეფერხდა აწ უკვე ყოფილი სენატორის, მარკუეინ მალენის მიერ, რომელიც ამჟამად შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში ახალ თანამდებობაზეა. როგორც ჩანს, ის იყო ერთადერთი დაბრკოლება ამ კანონის სენატში მიღებისთვის, ამიტომ შესაძლებელია, რომ სენატმა ახლა მაინც განიხილოს ეს ინიციატივა. მე არ ვარ ექსპერტი იმ ტექნიკურ დეტალებში, თუ როგორ მუშაობს კონგრესი, მაგალითად, თუ სენატი მიიღებს ამ კანონს, საჭირო იქნება თუ არა მისი კვლავ წარმომადგენელთა პალატაში დაბრუნება, რადგან საკმარისზე მეტი დროა გასული. შესაძლებელია, რომ ასე იყოს, თუმცა ეს, ჩემი აზრით, ძალიან დადებითი სიგნალი იქნებოდა.
ასევე ვფიქრობ, ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ამერიკის კონგრესში არ არსებობს მხარდაჭერა ივანიშვილზე დაწესებული სანქციების მოხსნისთვის. პირიქით, არსებობს მხარდაჭერა სანქციების გამკაცრებისა და მათი გაფართოების მიმართულებით, მათ შორის სხვა ოფიციალურ პირებზე, არა მხოლოდ ივანიშვილზე. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვიხილოთ ამ სანქციების მოხსნა", - თქვა კრამერმა.
