კრემლი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გერმანიასთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივით გამოდის, თუმცა რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. 4 სექტემბერს კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბერლინის საავადმყოფოს ექიმებისგან განსხვავებით, ომსკის ჰოსპიტალის ექიმები, სადაც ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, ბევრად გამჭვირვალედ მუშაობდნენ.
ბერლინის ჰოსპიტალმა, სადაც ნავალნი 22 აგვისტოდან მოყოლებული მკურნალობს, 2 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ოპოზიციონერი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს.
გერმანიის ფედერალური ხელისუფლება კრემლისგან პასუხებს ითხოვს, თუმცა რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბერლინში გადაყვანამდე ომსკის ექიმებმა ნავალნის ორგანიზმში მომწამვლავი ნივთიერების კვალი "ვერ იპოვეს".
რუსეთის პროკურატურამ 2 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელი მოკვლევისთვის ნავალნის სამედიცინო დოკუმენტაციის გადაცემა მოსთხოვა, თუმცა გერმანიის მთავრობას საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვს გერმანიასთან დიალოგის გზით სურს დაადგინოს, თუ რა ნივთიერებით მოწამლეს ნავალნი.
ალექსეი ნავალნი ბერლინის ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამ დრომდე კომაში იმყოფება.