logo
ENG



კრემლის პროპაგანდის მსგავსად, აშშ-ს საქართველოს არჩევნებში ჩარევაში ოცნებაც ადანაშაულებს

16 სექ 202420:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/16/qomrkdn1l3jp60d.jpg

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კრემლის პროპაგანდის მსგავსად აშშ-ს ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს. ის ამტკიცებს, რომ ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირება "არაფორმალური გავლენებით ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობაა".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

მდინარაძე ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირებას "აშშ-ში არაფორმალური გავლენების სიმძლავრეს" უკავშირებს. 

"დღეს სანქციები ვნახეთ, 60-მდე პირს, ჯერ 30-მდე პირს, როგორც ჩანს, არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან - ვინ და ვინ, ამ შემთხვევაში, ფინანსური სანქციები დააწესეს რამდენიმე პირზე, გაურიეს, ერთმანეთში არიეს მათ შორის ალტ-ინფოს წარმომადგენლები და პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის ერთის მხრივ პოლიციის შეურაცხყოფა, მეორე მხრივ ინსტიტუტის შეურაცხყოფა და მესამე მხრივ, არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა, არაფორმალური გავლენებით, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიმეორებ ამას.

რა შეიცვალა იმის შემდეგ, რაც თქვეს, რომ 30 ადამიანი დაასანქცირეს? ერთადერთი რამ შეიცვალა, რომ არჩევნები მოახლოვდა, სხვა რა შეიცვალა? და არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ კიდევ ველოდებით მსგავსს და შეიძლება კიდევ უფრო მძაფრ სხვადასხვა რეაქციებს განცხადებების სახით - დიახ, კიდევ იქნება გარედან მაშველი რგოლები, რომელიც იქნება ხავსი ოპოზიციისთვის. რატომ იქნება ხავსი? იმიტომ რომ მათ არ უშველით, ისინი ქართველ ხალხს ვერ ელაპარაკებიან, ისინი ელაპარაკებიან უცხოელების გავლით. რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ, რაღაც აგვიხსნან, გვითხრან, ერთხელ დაგვასანქცირეს, კიდევ დაგვასანქცირეს. [...] 

არ შეიძლება, რომ ამხელა ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების ქმედებები სასაცილო იყოს. ძალიან უხერხულია, ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს, გაცვდა ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ ამას?", - ამბობს მდინარაძე. 


close დახურვა