logo
ENG



კრიზისი ავიაბიზნესში - კომპანიები გაკოტრების პროცედურას იწყებენ

11 მაი 202020:36
3 წუთის საკითხავი
 

ავიახაზების მსოფლიოს უდიდესი გაერთიანების - სტარ ალიანსის წევრი „ავიანკა“ ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ, ლათინური ამერიკის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ გაკოტრების პროცედურები ნიუ-იორკში უკვე დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის დროს ფრენების გაუქმების გამო მწვავე  ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ავიახაზებმა მოლაპარაკება კოლუმბიის მთავრობასთან, ამ დრომდე ვერ შეძლო. 

რეგულარული რეისების შესრულება „ავიანკამ“ მარტის ბოლოს შეაჩერა და მისი 20.000 თანამშრომლიდან, უმეტესობა ხელფასის გარეშე აღმოჩნდა. „ავიანკა“, რომელიც ჰოლანდიური „ქეიელემის“ შემდეგ მსოფლიოში მეორე უძველესი ავიაკომპანიაა, ამ დრომდე იმედოვნებს, რომ ქვეყნის მთავრობა ფინანსურად დაეხმარება, მანამდე კი ოპერირებას შეძლებს. თუმცა კოლუმბიაში, პერუსა და ელ სალვადორში, პანდემიის გამო ავიაკომპანიის ყველა ჰაბი დახურულია. 

კოვიდ 19-ის პანდემიამ „სტარ ალიანსის“ სხვა წევრებიც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. გლობალური გაერთიანების წევრი კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია „იატა" მსოფლიოში ავიახაზებისთვის შემოსავლების 314 მილიარდით კლებას ვარაუდობს. სინგაპურის ავიახაზები ვეღარ იყენებს მის ფლოტში არსებულ უდიდეს „ეარბას 380“ კლასის სამგზავრო თვითმფრინავებს  და ისინი ავსტრალიის „ელაის სფრინგზის“ აეროპორტში, ე.წ. თვითმფრინავების სასაფლაოზე აქვს პარკირებული.  
  
ტურიზმის სფეროს გადარჩენის ფარგლებში, ავსტრიის მთავრობამ  რესტორნებისთვის 500 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფა გადაწყვიტა. ავსტრია ჯერ ტურისტებისთვის საზღვრებს ვერ ხსნის, თუმცა ნახევარმილიარდიანი პაკეტით რესტორნების ბიზნესის გადარჩენას დაეხმარება. 

30 ივნისამდე უხელფასო შვებულებაში ჰყავს გაშვებული 6000 თანამშრომელი ისრაელის ავიაკომპანია "ელ ალს", რომელიც კონსულტაციებს მართავს მთავრობასთან 400 მილიონი დოლარის სესხზე. ისრაელი უცხოელი ტურისტებისთვის დაკეტილია, „ელ-ალის“ რეისები კი მაისის ბოლომდე შეჩერებული. 

1 ივნისიდან ფლოტში 160 თვითმფრინავს აამუშავებს გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“. 3-თვიან განრიგში კი, რომელსაც თურქეთის ავიახაზები ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით ეტაპობრივად აამოქმედებს, 19 ქვეყანაში  მგზავრობა იქნება შესაძლებელი, მათ შორის საქართველოში. 


close დახურვა