ვაშინგტონიდან კრიტიკული წერილებისა და მოწოდებების მიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის. საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო დეპარტამენტში 4-7 თებერვალს დაგეგმილ რელიგიის თავისუფლების ფორუმს დაესწრება. ამავე პერიოდში იგეგმება პარლამენტის თამჯდომარის ვაშინგტონში ჩასვლაც. ზალკალიანი და თალაკვაძე აპირებენ, კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდნენ და დაარწმუნონ, რომ შეუსრულებელი დაპირების მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისთვის არ უღალატია.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ზალკალიანის ვიზიტი ვაშინგტონში უშედეგო იქნება. მათი თქმით, ერთადერთი რამ, რაც ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობას დაალაგებს, დაპირებული საარჩევნო სისტემის ცვლილება იქნება.
ვიზიტის უშედეგობაზე საუბრობენ ექსპერტებიც. ანალიტიკოსები იხსენებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ირაკლი კობახიძის ვიზიტს კონგრესმენების კრიტიკული წერილების სერია მოჰყვა. მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ამჯერადაც იგივე განმეორდეს.
ამ დრომდე უცნობია, როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის მეხუთე რაუნდი. კრიტიკული წერილებისა და საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას ჯერჯერობით არ აპირებს.