ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპარლამენტარებს ხვდებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ევროპარლამენტარებმა პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს, მოუწოდეს შეხვედრების პროცესში კომპრომისი გამონახონ. ევრონესტის თანათავმჯდომარის, ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროპელი პარტნიორებისთვის ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია.
„ცუდი სიგნალი იყო ის, რომ მმართველმა პარტიამ დანაპირები არ შეასრულა. დიალოგი ამ კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა. არ ვიცი მოლაპარაკებების პროცესი რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი შედეგია“, - განაცხადა კუბილიუსმა.
შეხვედრის მეორე რაუნდს დადებითად აფასებს ევროკავშირის ელჩი კარ ჰარცელი. ის აცხადებს, რომ ევროკავშირი მოლაპარაკებების შედეგზე არის ორიენტირებული და მოგვიანებით შესაბამის დასკვნებს გააკეთებს.
"ვფიქრობ მოლაპარაკებების რაუნდი წარმატებული იყო. გუშინდელმა საღამომ აჩვენა, რომ დიალოგი შესაძლებელია. განვაგრძობთ დაკვირვებას და ბუნებრივია გამოვიტანთ დასკვნას. გვექნება კომუნიკაცია ორივე მხარესთან, რათა გავიგოთ როგორ შეიძლება გადავიდეთ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე“, - აღნიშნა ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი ინიციატივის განსახილველად ოპოზიცია და მმართველი გუნდი დღეს კიდევ ერთხელ იკრიბება. ხელისუფლების გეგმებში გერმანული საარჩევნო მოდელის გადასინჯვა არ შედის. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები კი ახალი ინიციატივის განხილვასთან ერთად ეუთო-ოდირის პასუხს ელოდებიან და კვლავ განაგრძობენ ბრძოლას გერმანული მოდელის საარჩევნო სისტემისთვის. აქვე გეტყვით, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გუშინ გაიმართა. ის ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ეგიდით ჩატარდა.