logo
ENG



კუბილიუსი კარტოგრაფებზე: ეს ბრალდებები პოსტსაბჭოთა ამბავს მაგონებს

15 ოქტ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გარეჯის საქმეზე ფორმულასთან დამატებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს ბრალდებები მას "პოსტსაბჭოთა ამბავს" აგონებს. 

"ქართულ ოცნებას ვეტყოდი, რომ ჩრდილს ნუ მიაყენებენ საარჩევნო კამპანიას ძველი მეთოდებით. შეეცადოს აჩვენოს, რომ საქართველო მოწიფული დემოკრატიაა.

ჩვენ მსგავსი რეგიონებიდან ვართ და ადვილად შეგვიძლია, გამოვიცნოთ, რა ხრიკებს იყენებენ მმართველი პარტიები საარჩევნო კამპანიების დროს. ეს ბრალდებები პოსტსაბჭოთა ამბავს მაგონებს. ხელისუფლება იყენებს თავის ძალაუფლებას, მათ შორის, რომ გავლენა მოახდინოს საარჩვენო კამპანიაზე.

2007 წლის საკითხების წამოწევა და ცნობილი 2 ექსპერტის ციხეში ჩასმა დაუჯერებელია. მაგონებს ჩვენს შემთხვევებსაც, როცა მმართველი პარტია 10-20 წლის საკითხებს წამოწევს. მათ პოლიტიკურ არქეოლოგებს ვუწოდებ.

ზოგადად, ასეთ საქმეებს, მათ პოლიტიზებას და ბრალდებებს პარტიისთვის სარგებელი არ მოაქვს. ჩვენ შეგვიძლია, შევაქოთ მმართველი პარტია კარგი რაღაცეებისთვის, მაგრამ ვითარება უფრო რთულდება, იზრდება პანდემია, ამის გამო ხალხი ბედნიერი ნამდვილად არაა. გასაგებია, რომ მმართველი პარტიაც ნერვიულობს. ასე, რომ პოლიტიკურ კამპანიაში ახალი ამბის შეტანა არის ტაქტიკა დ ამცდელობა, თავი აარიდო საზოგადოების პრობლემებს და გადაიტანო მათი ყურადღება იმისგან, რაც რეალურად ხდება". 

კუბილიუსი კარტოგრაფების საქმის რეგიონულ კონტექსტსაც შეეხო და განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე მძვინვარე კონფლიქტის პარალერულად საქართველოს მხრიდან საზღვრის საკითხის წამოწევა "დაუჯერებელია". 

"ცხადია, რომ ძალიან საშიშია საზღვრების და ტერიტორიების მიტაცების საკითხის წამოჭრა. ამავდროულად, ძალიან მარტივია მსგავსი თემით და ოპოზიციის წინაშე ბრალდებებით წინასაარჩევნო პოლიტიკურ თამაშში შესვლა, თუმცა შემდეგ ძალიან რთულია გაჩერება.

ჩვენ ვხედავთ საკმაოდ მძვინვარე კონფლიქტს მთიანი ყარაბაღის რეგიონში და ძლიერ გაოცებული ვარ, რომ ქართველებმა საზღვრის საკითხის წამოწევა გადაწყვიტეს. დაუჯერებელია", - განაცხადა კუბილიუსმა. 

კუბილიუსის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძველი საქმეების წინასაარჩევნოდ გააქტიურება რუსული სტილია. ევროპარლამენტარის შეფასებით, კარტოგრაფების საქმის სპეციფიკა ქართულ არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ ეჭვებს აჩენს. 

"შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ რუსეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. თუ ამის გაკეთებას ამერიკაში შეეცადა, ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს ამაზე. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ შეეცდება. ეს დამოკიდებულია თითოეულ ქვეყანაზე. ეს არის ზუსტად მეთოდის ის სტილი, რომელიც კრემლს მოსწონს - ძველი საქმეების წამოწევა, ოპოზიციისთვის ბრალდებების წაყენება.

კარგი იქნება, გაკვეთილი ვისწავლოთ და თავი ავარიდოთ ძველი მეთოდების გამოყენებას. როდესაც ოპოზიციას უყენებ ბრალს, ქვეყანა ვერ წარმოჩინდება დასავლური სტილის დემოკრატიად. საშიშია, როდესაც წამოწევ საზღვრების ტერიტორიების დაკარგვისა და გადაცემის საკითხებს. ამით ამძაფრებ ემოციებს, რომლის გაჩერება ძალიან რთულია", - განაცხადა კუბილიუსმა.  

კუბილიუსმა პირველი კომენტარი კარტოგრაფების საქმეზე 13 ოქტომბერს Twitter-ზე გააკეთა. მან თქვა, რომ ილიჩოვასა და მელაშვილის დაკავება "სასაცილოა", რადგან ხელისუფლება ამ საქმით რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანას ცდილობდა. 

კუბილიუსის კრიტიკამ "გააოცა" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. თალაკვაძე ამტკიცებდა, რომ კუბილიუსმა "სასაცილო" დავით გარეჯის თემას უწოდა და მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. 

ევროპარლამენტარის კრიტიკით "შეშფოთებული" დარჩა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. მან ლიეტუვის ყოფილ პრემიერმინისტრს "ნაცმოძრაობის მოკავშირე უწოდა". 

"ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია", - განაცხადა ბერაიამ. 


close დახურვა