კულტურის სამინისტრო ლიტერატურის მუზეუმის დირექტორთან, ლაშა ბაქრაძესთან ერთ-ერთი წიგნის გამოცემისას დაშვებული შეცდომის "სერიოზულად განხილვას" გეგმავს.
უწყების განცხადებით, ლიტერატურის მუზეუმმა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი გამოსცა, რომელშიც ანა კალანდაძის 2 ლექსი შეიტანა და დარიანის ლექსებად გამოაცხადა.
სამინისტრო აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მათ არაერთმა აღშფოთებულმა მოქალაქემ მიმართა.
თეა წულუკიანის უწყება მიუთითებს, რომ შეცდომაზე პასუხისმგებლები სწორედ ლაშა ბაქრაძე და მისი მოადგილე, თეა თვალავაძე არიან. ბაქრაძე წიგნის შემდგენელი და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორია, თეა თვალავაძე კი - რედაქტორი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თეა თვალავაძე "გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა".
ხოლო ლაშა ბაქრაძესთან, რომელიც ახლა კოვიდინფიცირებულია, სამინისტრო გამოჯანმრთელების შემდეგ საკითხის "სერიოზულად განხილვას" გეგმავს.
"აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია.
სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს.
საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად.
კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა". - ნათქვამია განცხადებაში.