logo
ENG



კულტურის სამინისტრო: ხელყოფილია სვანური ცეკვა მიუღებელი ფორმით

19 თებ 202221:38
3 წუთის საკითხავი
 
კულტურის სამინისტრო: ხელყოფილია სვანური ცეკვა მიუღებელი ფორმით

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ საჭიროა ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესება. 

თეა წულუკიანის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთვის მიუღებელია, მათივე განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, "რომელშიც ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, რაც მოწმობს, რომ დაცვის ეს მექანიზმები საკმარისი არ არის". 

განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფოს ძალისხმევით მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ესენია:

1. ფერხული (2013 წ.), წარმდგენი -საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი;

2. ხორუმი (2013 წ.) წარმდგენი - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;

3. აჭარული განდაგანას ხალხური ნაირსახეობები (2019 წ.) წარმდგენი - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო;

4. ცეკვა ქართული (2020 წ.) წარმდგენი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ასევე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული ქალაქურ მრავალჟამიერს (2013 წ.) და ქართულ გალობას (2021 წ.),

ქართულ მრავალხმიანობას მოცემული სტატუსი 2014 წელს მიენიჭა, 2020 წელს კი ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი განესაზღვრა (2001 წელს UNESCO-ს მიერ აღიარებულია, როგორც მსოფლიო ხელთუქმნელი შედევრების ერთ-ერთი ნიმუში, ხოლო 2008 წლიდან UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში არის ნომინირებული).

კულტურის სამინისტროს განცხადებით: 

"სახელმწიფოს მიზანია, სათანადო დონეზე იყოს დაცული არა მხოლოდ ცეკვებისა და სიმღერების გარკვეული ნაწილი, არამედ ყველა ცეკვა და სიმღერა იმ სტატუსით, რაც კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობისათვის არის შესაბამისი.

ამასთან, იმისათვის, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში იყოს ნომინირებული, ჯერ უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე მისთვის შესაბამისი დამცავი სტატუსის განსაზღვრა. კერძოდ, უნდა მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შემდეგ უნდა განესაზღვროს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში ძეგლის ნომინირება". - აცხადებს სამინისტრო. 

უწყება მიუთითებს, რომ 16 თებერვალს კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, რომლის წინაშეც დაისმება მოცემული საკითხი და სამინისტროს სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად დაიწყება მუშაობა მოცემული მიზნის მისაღწევად.


close დახურვა