logo
ENG



კულტურის სამინისტრო მუზეუმების საარქივო ფონდებში მეცნიერების დაშვებას შეზღუდავს

04 თებ 202217:14
3 წუთის საკითხავი
 

კულტურის მინისტრის ახალი დადგენილების თანახმად, მუზეუმების საარქივო ფონდებში მეცნიერების დაშვებას სამინისტრო გააკონტროლებს.

წულუკიანის უწყების ახალი დებულებით, მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის, ან მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში დაშვების გადაწყვეტილებას დირექტორატი მიიღებს, თუმცა ამის შესახებ მათ სამინისტროს უნდა აცნობონ.

ამას გარდა, დადგენილებაში ასევე წერია, რომ ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების მიერ გრანტის გამცემისადმი (დონორისადმი) მიმართვის, გრანტის თანხის გამოთხოვის/ჩარიცხვის, ან გრანტის განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ გადაწყვეტილებას დირექტორატი მიიღებს. 

ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე სამინისტროს გადაწყვეტილებას აკადემიური სფეროს კონტროლად აფასებს. 

"ჩვენ საქმე გვაქვს აკადემიური სფეროს კონტროლთან და სამეცნიერო კვლევების ცენზურასთან, ანუ მინისტრმა ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს, რომელი მკვლევრის დაშვება მოხდება კოლექციებთან სამეცნიერო კვლევებისთვის და ის მკვლევარები, რომელიც მას თვალში არ მოსდის, შექმნა ბერკეტი, რის მიხედვითაც ამის საშუალებას მკვლევარებს არ მისცემს", - ამბობს ეკა კიკნაძე. 

იურისტი სულხან სალაძე ამბობს, რომ ახალი დებულებით თეა წულუკიანმა სამართლებრივი ბერკეტი შეიქმნა იმ ადამიანების გასაკონტროლებლად, რომლებიც ხელოვნების მუზეუმიდან გაათავისუფლეს. კერძოდ, მისი თქმით, ეს ეხება ეკა კიკნაძისა და სხვა გათავისუფლებულების კვლევით პროექტს. 

"მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი ეკუთვნოდა იმ ადამიანებს, რომლებიც სრულად გაათავისუფლა ხელოვნების მუზეუმის მენეჯმენტმა მუზეუმიდან და ეს იძლეოდა საშუალებას მათ მნიშვნელოვანი კვლევითი საქმიანობა გაეგრძელებინათ ეროვნული მუზეუმის ფონდების კატალოგებში და სხვა დაცულ ექსპონატებში, ამის სანაცვლოდ წულუკიანმა შეიქმნა სამართლებრივი ბერკეტი. ის რომ ეს ამას უკავშირდება, კარგად ჩანს სხვა ცვლილებითაც, სადაც ის ამბობს, რომ მუზეუმი ვერ მიიღებს გრანტს, თუ ამაზე თანხმობა მიღებული არ აქვს დირექტორატს", - ამბობს სულხან სალაძე. 


close დახურვა