logo
ENG



კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები საგანგებო მდგომარეობამ უშემოსავლოდ უკვე დატოვა

08 მაი 202020:32
3 წუთის საკითხავი
 

კულტურის გარეშე დარჩენილი სახელისუფლებო პოლიტიკა და კულტურის სფერო დახმარების გარეშე - სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა მთავრობის პოსტკირიზისულ ვერცერთ გეგმაში ვერ იპოვეს საკუთარი თავი. ისინი ღია წერილით მიმართავენ ხელისუფლებას და პანდემიის ფონზე შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად საგადასახადო შეღავათებს და საბანკო სესხების შეჩერებას ითხოვენ.

კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები საგანგებო მდგომარეობამ უშემოსავლოდ უკვე დატოვა. დახურული თეატრებისა და მუზეუმების შემდეგ, სახელოსნოებს ცლიან თვითდასაქმებული არტისტები. მათთვის მიუღებელია ის იგნორირება, რომელსაც ხელისუფლება ავლენს. ხელოვანები ამბობენ, რომ ხელოვნება ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება.

კინომცოდნე თეო ხატიაშვილს პრემიერ მინისტრის გუშინდელმა გამოსვლამ კითხვები დაუტოვა. მისთვის ისევ ბუნდოვანია სად არის კულტურა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ადგილი ამ ქვეყანაში. 

მწერალი და რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი ფიქრობს, რომ პანდემიამ კიდევ უკეთ აჩვენა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არც კულტურის პოლიტიკა გააჩნია და არც მითუმეტეს კულტურაზე ორიენტირებული კრიზისული გეგმა აქვს.

კიდევ ერთი თვითდასაქმებული არტისტი ნიკოლზ ლუტიძეა. მისი ტყავისგან დამზადებული ნივთების საწარმო ორი თვეა დაკეტილია. ამ საწარმოში დასაქმებული 25-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე სამსახურის გარეშეა დარჩენილი. ნიკოლზ ლუტიძემ უკვე ორი საკერავი მანქანა გაყიდა და ახლა გადაუხდელი იჯარის გამო ამ ფართის მფლობელი მას ფართის დატოვებას სთხოვს. ამ კრიზისული სიტუაციის ფონზე ყველაზე სტრესული მისთვის ისაა, რომ სამთავრობო გამოსვლები ყოველთვის ზედაპირული და ბუნდოვანი ეჩვენება. 

ღია წერილით მთავრობას, დღეს საქართველოს კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებმაც მიმართეს და პანდემიის ფონზე შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსასვლელად ფინანსური დახმარების პაკეტი, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის სოციალური სარგებელი, საგადასახადო შეღავათები და საბანკო სესხების შეჩერება სთხოვეს.

შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებმა პირველი ღია პეტიცია ჯერ კიდევ 30 აპრილს გამოაქვეყნეს და მთავრობას დახმარება სთხოვეს. განსაკუთრებულად დაზარალებული კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები სამთავრობო გეგმას და პასუხებს ამ დრომდე ელიან, თუმცა ხელისუფლებას ჯერჯერობით არც გეგმა წარმოუდგენია და არცერთ მათ მიმართვას არ გამოხმაურებია.

 


close დახურვა