logo
ENG



კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა

18 იან 202215:16
3 წუთის საკითხავი
 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა. როგორც აღნიშნული სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ფორმულას უთხრა, რეორგანიზაციის შედეგად მასაც მოუწია სააგენტოს დატოვება.

"აღარ ვარ სააგენტოში. შეერწყა რამდენიმე სამსახური ერთმანეთს და გაერთიანდა [საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური] ადმინისტრაციულ სამსახურში. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას რომელიმე თანამშრომელი შეითავსებს, მაგრამ ეს უკვე ახალი ადმინისტრაციის გადასაწყვეტია და მათ უნდა ჰკითხოთ", - აღნიშნა ბარამიძემ.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან დაკავშირებულ საკითხებზე დროებით შეგვიძლია მათ დავუკავშირდეთ. 

სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, რეორგანიზაცია გასული წლის 25 ნოემბერს დაიწყო და 15 იანვარს დასრულდა.

"რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა ისეთი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად, 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა". - ნათქვამია განცხადებაში. 

სააგენტო ასევე წერს, რომ საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხუროხითხუროკირითხუროსახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა.


close დახურვა