ლაგუნა ვერეს დარაჯი, ზაზა მელაძე ამბობს, რომ TV პირველისთვის მიცემული ინტერვის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც მელაძემ ტელეკომპანიას უთხრა, გათავისუფლების შესახებ გუშინ შეატყობინეს.
"სიუჟეტის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან. თანამშრომელმა მითხრა, თავისუფალი ხარო და დამირეკა. ხვალ მიწევს მორიგეობა და ვერ გავდივარ... ძლივს გავათენე წუხელ ღამე, ისეთი გულის შეტევა მაქვს. ახლაც, თქვენ რომ დარეკეთ, წნევას ვიზომავდი და 200-ზე მაქვს. წუხელ 220 მქონდა. ძალიან ცუდად ვარ. ჩემი პენსია მქონდა და მაგი მქონდა, 300 ლარი და ეგ იყო ჩემი შემოსავალი. 40 წელი ვიმუშავე და ასე უბედურად გამომაგდეს, ახლა უარესს მიზამენ კიდევ. ბავშვებს არაფერი უქნან, სხვას არაფერს ვჩივი. რას მიზამენ, რა ვიცი. თუ არ გავჩერდები, უარესს მიზამენ, ალბათ", - ამბობს TV პირველთან ზაზა მელაძე.
სიუჟეტი სახელწოდებით "ბიძინას "ჟირაფები" გმირთა მოედანზე" ეთერში 21 იანვარს გავიდა. სიუჟეტი ლაგუნა ვერესთან დაგეგმილ მშენებლობას ეხება.
18 იანვარს საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, ქართუ ბანკის საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65-სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება. ჯამურად 155 588კვ.მ საცხოვრებელ და კომერციულ ფართობაზეა საუბარი.
ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა.