logo
ENG



ლავასოღლის ადვოკატი: ეს პოლიტიკური საკითხია

08 ივნ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ადვოკატისა და ოჯახის წევრების შეხვედრა მთავარ პროკურატურაში უშედეგოდ დასრულდა. გორაძის მხარდამჭერების თქმით, მათ ირაკლი შოთაძე არ შეხვედრია და მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ესაუბრნენ. პროკურატურაში ამბობენ, რომ ლავასოღლის ექსტრადაციაზე თურქეთისთვის მოთხოვნა გაგზავნილი აქვთ, ოფიციალური ანკარა კი არაფერს პასუხობს. მინდია გორაძის მხარდამჭერების თქმით კი, მათ აქვთ განჩინება, რომლითაც მტკიცდება, რომ თურქეთი ექსტრადიციისთვის მზადაა, თუმცა ქართული მხარე პროგრამას არ აგზავნის.

მინდია გორაძის დის, ირინა გორაძის თქმით, მანამ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება აქციები კვლავ გაგრძელდება.

„ნამდვილად არ არიან მზად მოლაპარაკებისთვის. ძალიან კარგად მესმის იურიდიული რაღაცეები. ზეპირად და ფორმალურად არ მოვსულვარ აქ სალაპარაკოდ. პირველ 40 დღეში რომ აქვთ მიმართული ინტერპოლზე იმაზე არიან დაყრდნობილი, მეუბნებიან რომ მიმართვა არ გვაქვს გაკეთებულია. მე კიდევ მზად ვარ, რომ ჩამოვიდე, მაგრამ, ის რომ მე დავიშლები ეს ილუზიაა. ძალიან მასშტაბური სახე მიეცემა, წინაწარ არ მინდა ლაპარაკი“,-აცხადებს ირინა გორაძე.

მინდია გოროძის ადვოკატი აცხადებს, რომ საკითხი პოლიტიკურია. როგორც ალექსანდრე კობაიძე განმარტავს, მათ პროკურატურისგან კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

„მოვისმინეთ ის შაბლონური პასუხი, რომ თუ თურქეთის სახელმწიფო გამოაგზავნის მოთხოვნას მოხდება ექსტრადაცია. მოგეხსენებათ, რომ მინდია უკვე ორჯერ იქნა გათავისუფლებული თურქეთის სასამართლოს მიერ, მაგრამ კვლავ იქნა დაკავებული, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ითხოვს, მაგრამ დღესაც მივიღეთ ზედაპირული პასუხი, კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია. ფაქტია რომ ეს სამართლებრივი საკითხი აღარ არის და მიანიშნებს იმისკენ, რომ ეს პოლიტიკური საკითხია“,-აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

 


close დახურვა