ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით აქცია ეწყობა ბათუმში - ერთ-ერთმა მომიტინგემ პირიც ამოიკერა.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ახლობლები აცხადებენ, რომ ლავას ოღლი შიმშილობს და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი საქართველოში გადმოყვანა.
„ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვეცოდინება, როდის მოხდება ექსტრადიცია. დღეს რამდენიმე ადამიანმა პირი ამოიკერა - ჩვენ მივმართავთ უკიდურეს ფორმებს", - ამბობს აქციის მონაწილე.
მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სარფის ჩაკეტვას გეგმავენ და იუსტიციის სამინისტროს მინდია გორაძის ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ერთ დღეს აძლევენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის ლავასოღლი საქართველოში ორჯერ არის გასამართლებული. 12 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლავასოღლი დანაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. გორაძე, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.