ევროსაბჭოს ასამბლეაზე მყოფი ქართული დელეგაციის წევრები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული. პრეზიდენტის განცხადება კი საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მისი პირადი პოზიცია იყო.
„როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია ვამცნობთ საზოგადოებას და ის იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან ჰარმონიაში. პრეზიდენტის პოზიცია იყო მისი პირადი აზრი“, - აცხადებს ელისო კილაძე.
ირაკლი კობახიძის აზრით კი, მინისტერიალის ჩატარების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
„დაზუსტებული იყო კითხვა და პრეზიდენტმაც შესაბამისი პასუხი გასცა. მინისტერიალის ჩატარების საკითხი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე და მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატები კი აცხადებენ, რომ ლავროვის თბილისში ჩამოყვანა წითელი ხაზის გადაკვეთაა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს აზარალებს.
„არ ვარ წინააღმდეგი, რომ ლავროვს ველაპარაკოთ პრობლემებზე სტრასბურგში, ვენაში, ბრიუსელში, მაგრამ თბილისში ჩამოიყვანო ადამიანი, ვინც იღწვის პირადად რომ მსოფლიომ აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალის დამოუკიდებლობა - ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთითაც ეროზია იწყება საქართველოს ინტერესების", - აცხადებს დავით ბაქრაძე.