სერბული გამოცემა Večernje novosti წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სერბეთში ჩასვლის წინ სერგეი ლავროვის თვითმფრინავს მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბულგარეთმა მათ საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა.
7 ივნისს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სერგეი ლავროვსა და სერბეთის ხელისუფლებას შორის შეხვედრებია დაგეგმილი.
აღნიშნული ინფორმაციას არცერთი ქვეყნის ოფიციალური უწყება არ ადასტურებს.
Večernje novosti აცხადებს, რომ მოსკოვიდან ბელგრადში ლავროვის მიღება ახლა კითხვისნიშანის ქვეშაა, ვინაიდან მონტენეგრომ, ჩრდილო მაკედონიამ და ბულგარეთმა მისი თვითმფრინავის ფრენა დაბლოკეს.
მედია ასევე ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც მათი თქმით, მონტენეგროს მხრიდან ლავროვის თვითმფრინავისთვის მონტენეგროს საჰაერო სივრცეში ფრენაზე ოფიციალურ უარს ასახავს.
მედიის თქმით, ამაზე მიუთითებს სერბეთის პრეზიდენტის განცხადებაც. 3 ივნისს ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები არსებობს.
გამოცემის ცნობით, ამ სიტუაციის გათვალისწინებით სერბეთის პრეზიდენტი ხვალ ლავროვის ნაცვლად რუსეთის ელჩს, ალექსანდრ ბოკან-ხარჩენკოს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ სერბეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა.
29 მაისს კი ვლადიმერ პუტინი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთს ბუნებრივ აირს მიაწვდის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება.