logo
ENG



ლანდსბერგისი: საქართველოს აქვს ჩვენი მხარდაჭერა

11 დეკ 202314:18
3 წუთის საკითხავი
 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროკავშირის სამიტის წინ საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ბედი დამოკიდებული იქნება პარასკევს მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ბედი დამოკიდებული იქნება პარასკევს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ვფიქრობ, ამის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობა სულ სხვანაირი იქნება. რამდენად განსხვავებული ამის თქმა ძალიან ადრეა, ვიმედოვნებ, ვიპოვით ახალ ფორმას, რომლის შიგნითაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ბევრი ქვეყანა უფრო ახლოს იქნება ევროპასთან, ვიდრე ოდესმე და ასევე, საქართველოც. საქართველოს აქვს ჩვენი მხარდაჭერა", - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

რაც შეეხება უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უნგრეთის პოზიციას, ლანდსბერგისი აღნიშნავს, რომ ეს ევროპასა და ყველაფერს იმას ეწინააღმდეგება, რასაც ევროკავშირი მხარს უჭერს.

"ერთადერთი გზა, როგორც შემიძლია წავიკითხო უნგრეთის პოზიცია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ბევრ სხვა საკითხზეც, არის ის, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ევროპასა და ყველაფერს, რასაც ევროპა უჭერს მხარს. ვფიქრობ, ეს არის იდეოლოგების შეჯახება, მათ შორის ვისაც უნდა ძლიერი ევროპა და ვისაც საერთოდ არ უნდა ევროკავშირი. თუ რაციონალურები და პრაგმატულები ვიქნებით, შესაძლოა, ეს ნაბიჯი მოგვარდეს, თუ არა, შესაძლოა, ბნელი დრო გველოდოს წინ", - თქვა მან.

5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.

14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".

6 დეკემბერს კი უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

***

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.


close დახურვა