დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ივა ჭყონიას თქმით, ლარის კურსის ვარდნის პირობებში ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესი იქნება.
როგორც ივა ჭყონიამ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, დისტრიბუტორი კომპანიები არ ითხოვენ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას - მათ მხოლოდ გადასახადებისგან გათავისუფლება უნდათ პირველადი შეთავაზებით, 25 დღით.
„ჩვენი სექტორისთვის კრიზისი, ალბათ, დაიწყება ერთ თვეში. ამას ჩვენ ველოდებოდით. განსაკუთრებით მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის პროდუქციით ვინც ვაჭრობს და არა პირველი კატეგორიის პროდუქტზე, რომელიც სუბსიდირების პროგრამაშია. არ შეიძლება გავკიცხოთ კომპანია, როცა დახლზე რაღაც პროდუქტი გაძვირებული ხვდებათ, რადგან ყველა კომპანია არაა ჩართული სუბსიდირების პროგრამაში. ლარის ფაქტორმა დააყენა ათობით კომპანია ვალის წინაშე - მათ უდიდესი ზარალი ნახეს. არ გვეგონა, ლარი თუ ასე სწრაფად გაუფასურდებოდა. ეს ურტყამს როგორც დისტრიბუტორებს, ისე მწარმოებლებს. პირველი მოთხოვნა ისაა, რომ 25 დღით მოხდეს გადავადება, რომ გამოთავისუფლდეს თანხა. უნდა განიხილონ გადასახადების შემცირება - დღგ ან საშემოსავლო. ეს შეამსუბუქებს ჩვენს ყოფას. არ გვინდა, ვიყოთ სუბსიდირებაში, გვინდა ვაკეთოთ ბიზნესი. ფასების ზრდა დამოკიდებულია ლარის კურსზე, რაც არაპროგნოზირებადია. ეს პანიკიდან გამომდინარე მოხდა, მაგრამ ეროვნული ბანკის სწორმა ჩარევამ რაღაც შედეგები გამოიღო. კომპანიებს უჭირთ ლარის კურსის ზედა ზღვრის დაჭერა, ეს ძალიან დიდი ჯაჭვია. თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდება, ფასები გაიზრდება", - აცხადებს ივა ჭყონია.
შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის დარეგულირების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გაიტანა 100 მილიონი დოლარი. მიუხედავად ჩარევისა, ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურებული.
