logo
ENG



ლატვიის პრეზიდენტის პროექტით, ადგილობრივი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყოფა

06 სექ 202209:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/06/hiygyt8g3hxvcxe.jpg

ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა პარლამენტში წარადგინა ცვლილებები, რომელიც ავალდებულებს ლატვიის მართლმადიდებელ ეკლესიას გავიდეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებიდან.

"ლატვიის დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში ჩვენს მართლმადიდებლებს სჭირდებათ საკუთარი დამოუკიდებელი ეკლესია", - ციტირებს გამოცემა Delfi.

როგორც აღნიშნულია, კანონპროექტი ყველა საპარლამენტო ფრაქციის ლიდერთან და სეიმის წარმომადგენლებთან არის შეთანხმებული. ვარაუდობენ, რომ დოკუმენტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია თვითმმართველია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებში, მან რუსეთის საპატრიარქოს სინოდისგან ეს სტატუსი 1990 წელს მიიღო. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების თანახმად, მმართველი ორგანოები არიან მისი საკათედრო ტაძარი და სინოდი, რომელიც ლატვიის ეკლესიის ხელმძღვანელისგან იმართება. ის კი, თავის მხრივ, საქმიანობას მოსკოვის პატრიარქის დამტკიცების შემდეგ იწყებს.

ამჟამად ლატვიის ეკლესიის ხელმძღვანელი 82 წლის მიტროპოლიტი ალექსანდრ კუდრიაშოვია, რომელმაც ეს თანამდებობა 1990 წელს დაიკავა. მას და ლატვიის ეკლესიის სხვა ოფიციალური წარმომადგენლებს კანონპროექტზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ლატვიის კანონმდებლობა ეკლესიასა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან მიჯნავს. თუმცაღა 2019 წელს სეიმმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც საეკლესიო იერარქები შეიძლება გახდნენ მხოლოდ ლატვიის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობენ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთი რუსეთის პატრიარქ კირილეს ომისა და პუტინის რეჟიმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.


close დახურვა