პარლამენტის შენობის წინ დღეს შემოსაზღვრულ მწვანე ღობეზე ახალგაზრდა აქტივისტებმა წარწერები დატოვეს: ბიძინას ბოსტანი; ცხვრები შემოღობეს; გხედავთ.
აქტივისტების განცხადებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ტერიტორია იმიტომ შემოღობა, რომ ადგილზე მიტინგები აღარ გაიმართოს. „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, რაც მეტად შეზღუდავენ სივრცეს, აქციის მონაწილეებს უფრო მარტივად შეეძლებათ, სრულიად კანონიერად რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.
„შიში ოხერიაო და ივანიშვილი ამართლებს ამ ქართულ ანდაზას. შიშის და პანიკის ფონზე ადამიანები უშვებენ შეცდომებს, ეს მწვანე ღობეც არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი თუ როგორ შეიძლება საკუთარ თავს ავნო. პარლამენტის წინ რკინის ფარდის თუ ბერლინის კედლის აღმართვა უმსგავსობაა. რაც მეტად შეზღუდავენ სივრცეს ტროტუარზე მით უფრო მარტივად შეგვეძლება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა აბსულიტურად კანონიერად. კანონში წერია, რომ თუ ადამიანებს არ ჰყოფნით ტროტუარზე არსებული ტერიტორია, აქვთ უფლება დაიკავონ გზის სავალი ნაწილი,“ - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი.
თბილისის მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები, გასართობი ატრაქციონების განთავსების მიზნით, 2019 წლის 30 დეკემბერს, მერიის თანამშრომლებმა გვიან ღამით აიღეს.