ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობა, რომელიც წლებია საქართველოში ლგბტქი თემის პრობლემებზე მუშაობს, თეა წულუკიანის განცხადებას ჰომოფობიურსა და დისკრიმინაციულს უწოდებს და კულტურის ახლადდანიშნულ მინისტრს საჯარო სტატუსსა და თანმდევ პასუხისმგებლობას შეახსენებს.
საქმე ეხება იმედის დილაში თეა წულუკიანის სტუმრობას, სადაც ჟურნალისტის კითხვაზე დაუჭერდა თუ არა ის საზოგადოებრივი კლიშეების წინააღმდეგ მიმართულ მხატვრულ ნამუშევრებს, როგორიცაა ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ", მხარს, მინისტრმა განაცხადა, რომ ისეთი საკითხების პროპაგანდირებას, როგორიც თავად არ მოსწონს, არ აპირებს.
"გააჩნია, რა იგულისხმება მხარდაჭერაში. თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც, მაინცდამაინც, პროპაგანდას უწევს იმას, რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს იმიტომ, რომ მე ვარ, ასევე, არ დაგავიწყდეთ, მაყურებელი. მეც მაქვს ჩემი გემოვნება, ცუდი თუ კარგი, როგორც ყველას", - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ სამინისტრო იმ ტიპის ფილმების დაფინანსებას გეგმავს, რომელიც ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს უნერგავს.
თანასწორობის მოძრაობის შეფასებით, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში ლგბტქი თემის უფლებრივ მდგომარეობას და ახალისებს ორგანიზებულ ძალადობას.
"მნიშვნელოვანია, რომ თეა წულუკიანმა და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე სხვა პირებმა, გაიაზრონ თავისი პოლიტიკური სტატუსი და საჯარო გამოსვლებისას/პოზიციონირებისას თავი შეიკავონ დისკრიმინაციული, სიძულვილის ენის გამოყენებისგან", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
2019 წელს ჰომოსექსუალი ადამიანების პერსონალურ გამოწვევებსა და სოციალურ მდგომარეობაზე, ისევე როგორც, მათ მიმართ არსებულ სამოქალაქო კლიმატზე გადაღებულ ფილმს ორგანიზებული ძალადობის მცდელობა მოჰყვა ქართული მარშისა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის გარშემო გაერთიანებული შავრაზმული ძალების მხრიდან.
ფილმის პრემიერაზე მისულ სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკურ აქტორებს, ისევე როგორც, მედიის წარმომადგენლებს ძალადობრივი აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ზოგიერთ მათგანს კი სიტყვიერი შეძახილების და ძალადობის მუქარის ფონზე აიძულეს კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება.
ძალადობაში მონაწილე პირები მაშინ აცხადებდნენ, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჰომოსექსუალური თემების პროპაგანდასა და ტრადიციული ღირებულებების მტრობას ისახავდა მიზნად.