„კონტი“ ჯგუფი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში რჩება. ამის შესახებ განცხადება დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმში გააკთეს. 42%-იანი წილის მფლობელი „კონტი“ ჯგუფის პროექტიდან გასვლის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა, თუმცა ახლა მათ გადაწყვეტილება შეცვალეს. „თიბისი“ ჯგუფთან ერთად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი, სწორედ კონტი ჯგუფია.
ეს ინფორმაცია დღეს ანაკლიის კონსორციუმის განვითარების დირექტორმა, ლევან ახვლედიანმაც დაადასტურა. მისი თქმით, პროექტში ასეთი მსხვილი ინვესტორის დარჩენა სასიხარულოა, მაგრამ ახვლედიანი არ საუბრობს იმ მიზეზებზე თუ რამ განაპირობა კონტი ჯგუფის პროექტში დარჩენა.
„მნიშვნელოვანია, რომ ის პარტნიორი, რომელთან ერთადაც მოვიგეთ ტენდერი რჩება პროექტში. ეს მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი ფაქტორია. ვფიქრობ, ახალი პარტნიორების მოზიდვაზეც დადებითად იმოქმედებს ეს ფაქტი,“ - განაცხადა ახვლედიანმა.
„ფორმულამ“ ახვლედიანს ასევე კითხა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ანაკლიის პროექტში შემოდის ამერიკული ფონდი „ცერბერუსი“, რომელიც პროექტს დააფინანსებს. ახვლედიანის თქმით, ამერიკულ ფონდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ არის თუ არა ეს „ცერბერუსი“ ახვლედიანი არ აკონკრეტებს. „ფორმულამ“ ახვლედიანს კითხა კომპანია „მერიდიანზეც“, კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, კონტი ჯგუფის გასვლის შემდეგ, პროექტში „მერიდიანი“ შემოდიოდა. ახვლედიანი ამბობს, რომ კონტი ჯგუფის დაბრუნება „მერიდიანის“ შემოსვლას არ გამორიცხავს და ის რჩება ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორად.