განათლების სამინისტროს შესაძლოა კულტურის სამინისტრო გამოეყოს. საპარლამენტო ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ სამინისტროს გაყოფა შეიძლება უკავშირდებოდეს წინასაარჩევნოდ ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას.
ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ გეგმა მხოლოდ იმის მიხედვით განხორციელდება, გარკვეული ძლიერი ჯგუფები რომელი გეგმის სისწორეში დაარწმუნებენ ბიძინა ივანიშვილს და ამის მიხედვით სამინისტრო შეიძლება გაიყოს ან დარჩეს ისევ ერთიანი. ოპოზიციის ნაწილი სწორედ სამინისტროს გაყოფის საკითხზე უთანხმოებას ასახელებენ მიზეზად, რომ მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა.
გარკვეულ გაძლიერებულ ჯგუფებთან დაკავშირებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ლევან კობერიძე კიდევ ორი მინისტრის გადადგომას ვარაუდობს, ესენი არიან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, რადგან მას მიაჩნია, რომ ეს ორი მინისტრი მთავრობის გუნდში ვერ ჩაეწერა.
"ეს ყველაფერი არის მიბმული ისევ და ისევ იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილის კარზე რაღაც პოზიციების მოპოვებას. თუ სამინისტროს გამოყოფა მოხდება მინისტრები იქნებიან ივანიშვილთან ახლოს მდგომი პიროვნებები. იქნებიან ეს მისი მეგობრების ნდობით აღჭურვილი პირები და არა ისეთი სპეციალისტები, რომლებიც დარგს სჭირდება,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.
ლევან კობერიძე არ აკონკრეტებს ვინ არიან გაძლიერებული ჯგუფები, თუმცა, ამბობს რომ საკმაოდ ოდიოზური გვარები არის ამ ჯგუფების შემადგენლობაში.