logo
ENG



ლევან ხაბეიშვილი: არავინ არავის არ დასჯის მარტივი რამის გამო - ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა

25 იან 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

თითქმის ორი საათი, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. ლევან ხაბეიშვილი ​ექსპერტიზაზე ​მიემართება.

მისი უფლებადამცველის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, გამოძიება ძალადობის მუხლით, რომელიც ჯგუფურ ძალადობაზე უნდა გადაკვალიფიცირდეს. მისივე განცხადებით, მათი მოთხოვნაა ლევან ხაბეიშვილისვის მოხდეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, ხოლო ძალადობის ორგანიზატორი პირები პასუხისგებაში მიეცნენ.

„დაწყებულია გამოძიება ძალადობის მუხლით, მაქვს მოლოდინი რომ უახლოეს მომავალში აღნიშნულ საქმეზე მოხდება კვალიფიკაციის შეცვლა და გადაკვალიფიცირდება ჯგუფურ ძალადობაზე. მოვითხოვეთ ლევან ხაბეიშვილისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და ასევე მოვითხოვეთ კანონის ფარგლებში პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი ის საკრებულოს წევრები, ვინც უშუალოდ ჩანან და მათთან დაკავშირებით კითხვები არ არის. ორგანიზებულად ჯგუფურად იძალადეს მათ კოლეგაზე და აუცილებელია, გამოძიებამ და პროკურატურამ პრინციპულობა გამოიჩინოს. არ უნდა მოხდეს შერჩევითი სამართლის გამოყენება,“ - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით ანრი ოხანაშვილს რომ ვიღაც სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს ის კაცი პატიმრობაშია, ხოლო საკრებულოს წევრს პოლიტიკური განცხადების გამო ტურებივით, რომ დაესევიან ის ხალხი დღეს თავისუფლად დადის.

„გამოძიებას ჩვენება მივეცი, ამათ ახალს ვერაფერს ვერ ვეტყოდი, რაც საზოგადოებამ და ჟურნალისტებმაც ნახეთ. გამოსაძიებელი ფაქტობრივად არაფერი არ არის. ანრი ოხანაშვილს რომ ვიღაც სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს ის კაცი პატიმრობაშია, საკრებულოს წევრს პოლიტიკური განცხადების გამო ტურებივით რომ დაესევიან ის ხალხი დღეს თავისუფლად დადის. ჩემი აზრით არავინ არავის არ დასჯის მარტივი რამის გამო - ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საკრებულოში ხმაური იყო. უმრავლესობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მისი ცემა წინასწარ იყო დაგეგმილი. ამის მიზეზი კი მისი მხრიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შესახებ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელიც მათ დაბალ ხელფასს შეეხებოდა.

 

 


close დახურვა