logo
ENG



ლევან ხაბეიშვილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზე იმყოფებოდა

25 იან 202016:27
3 წუთის საკითხავი
 

ლევან ხაბეიშვილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზე იმყოფებოდა. მას სხეულზე არსებული გარეგანი დაზიანებები შეუმოწმეს, დათვალიერების შედეგებს კი ხაბეიშვილი სამართალდამცველებს წარუდგენს. ექსპერტიზა, სწორედ პოლიციის მითითებით ჩატარდა. ამ დრომდე უცნობი რჩება როდის დაიკითხებიან უმრავლესობის ის დეპუტატები, რომლებიც ხაბეიშვილის ცემაში მონაწილეობდნენ.  

როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, ექსპერტმა უკვე დააფიქსირა დაზიანებები და დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ექსპერტიზა დადებს დასკვნას ჯგუფური ძალადობის შესახებ.

„ეს იყო კალაძის დაკვეთა, იმიტომ რომ, ლამის თვითონვე ამბობენ, ხაბეიშვილი ვერ გავაჩუმეთო და მაინც ჩვენზე საუბრობსო. არ ველოდები ამ საკითხზე რაიმე სახის სამართლებრივ დევნას. არცერთი პოლიციელი ამ დროს საკრებულოში არ მოვიდა, როცა კუხიანიძის ინციდენტზე მთელი არმია ჰყავდათ იქ დაყენებული“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ გამოძიების იმედი არ აქვთ, რადგან ეს დაპირისპირება წინასწარ იყო დადგმული.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ ორგანიზებული ძალადობა, როცა ერთ ადამიანს დაესია ათი დეპუტატი იმის გამო, რომ ლევანი აქტიურად ებრძვის კალაძისა და ივანიშვილის კორუფციას. თუმცა გამოძიების იმედი არ გვაქვს“, - აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები დღეს განცხადებებს არ აკეთებენ. ხოლო პარლამენტში ამბობენ, რომ შერჩევით სამართალზე საუბარი მიუღებელია და გმობენ მომხდარ ფაქტს, თუმცა შსს-მ უნდა გადაწყვიტოს, ვის დაიბარებენ დაკითხვაზე.

„აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, რომ ეს კონფლიქტი, რაც მოხდა საკრებულოში, შევადარო ანრი ოხანაშვილის ინციდენტს, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იჯდა და მოხდა აგრესია და მუქარა. არ მაქვს უფლება, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტზე ვილაპარაკო, სრულიად განსხვავებული შემთხვევებია“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროს გუშინ, 24 იანვარს დაშავდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის  განცხადებით, მისი ცემა წინასწარ იყო დაგეგმილი. ამის მიზეზი კი მისი მხრიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შესახებ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელიც მათ დაბალ ხელფასს შეეხებოდა.


close დახურვა