"ლეიბორისტული პარტია" ბორჯომის მუნიციპალიტეტში აუდიტის სამსახურის შესვლას მოითხოვს. ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მერიაში თანხები არამიზნობრივად იხარჯება, გაბერილია შტატები და დარღვევებია შესყიდვებში. "ლეიბორისტულ პარტიაში" აცხადებენ, რომ მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება სწორედ სისტემაში არსებულ კანონდარღვევებზე მიანიშნებს.
"მთელი ამ წლების განმავლობაში ოპოზიციას არ გვეძლეოდა საშუალება, გაგვეკონტროლებინა მუნიციპალიტეტის საქმიანობა. ჩვენი ინფორმაციით უამრავი დარღვევაა მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით, ასობით ათასი ლარია არამიზნობრივად დახარჯული; ასევე საშტატო ერთეული გაბერილია და ამას წლების მანძილზე გვიმალავდნენ. ეს საშტატო ერთეულები გამოტენილია მკვდარი სულებით, ოჯახის ახლობლებით, პარტიული აქტივით. უამრავი დარღვევაა შესყიდვებში, ტენდერებში, აუქცინში გადაცემულ იჯარებზე. აქედან გამომდინარე ლეგიტიმური მოთხოვნაა აუდიტის შემოყვანა",-აცხადებს გიორგი გიუაშვილი.
