ლელოს განცხადებით, ეროვნული ბანკი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მის რეპუტაციას, ასევე, ყველა მოქალაქეს, ვინც ამ სისტემით სარგებლობს.
პარტიის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის პოლიტიკას.
"სებ-ის ბრძანება ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად მიტაცებულია. რომ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითება, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შეცვლას ვერავინ გაბედავდა.
საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრული სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ინტერესების გატარებაში ბრალდებული პირის ინტერესების დასაცავად, სებ-ი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მის რეპუტაციას, ასევე, ყველა მოქალაქეს, ვინც ამ სისტემით სარგებლობს. ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დივერსიის ტოლფასია.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ სანქცირებული ფარცხალაძის ბედი, ნათია თურნავასა და საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ასევე ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადასაწყვეტი ხდება, ეს ამ ხელისუფლების არაადეკვატურობისა და ანტიეროვნულობის კიდევ ერთი მაგალითია.
ამ გადაწყვეტილებით, საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის პოლიტიკას. რუსული ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს!" - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.