logo
ENG



ლელო: თამაშებზე რეკლამის შეზღუდვების გამო მედიები გათავისუფლდნენ გადასახადებისგან

30 ნოე 202113:17
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ლელო - საქართველოს წევრმა, საბა ბუაძემ პარტიის სახელით მედიის ყველანაირი გადასახადისგან 3 წლით გათავისუფლების ინიციატივაზე ისაუბრა.

ბუაძის თქმით, ამ ინიციატივის საჭიროება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და პანდემიური ფონის გარდა, მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აზარტულ თამაშების შეზღუდვისა და რეკლამების აკრძალვის ინიციატივა გააჟღერა.

ბუაძის თქმით, სხვა პირობებში ლელოს გამართლებულად მიაჩნია აზარტული თამაშების შეზღუდვა და პარტია მსგავს ინიციატივას გასულ საპარლამენტო არჩევნებამდე ითხოვდა. თუმცა მისი თქმით, ამგვარი შეზღუდვების ახლა დაწესებას ხელისუფლების მხრიდან აშკარად პოლიტიკური მიზნები აქვს. აზარტული თამაშების რეკლამებიდან შემოსული თანხის გაქრობით ხელისუფლება დისკომფორტს შეუქმნის და შეავიწროებს კრიტიკულ მედიას.

ლელოს წევრმა ისაუბრა საკითხის გარშემო საქართველოს მოქმედი პრემიერის ორმაგ სტანდარტებზეც. ღარიბაშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოს რამდენიმე ქალაქში კაზინოების აშენებას აანონსებდა და ის ფაქტი, რომ ახლა აზარტული თამაშების ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობს ცხადჰყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა აზარტული თამაშების პრობლემის მოგვარება, არამედ მედიების შევიწროებაა.

„ირაკლი ღარიბაშვილის ორმაგი სტანდარტი ჩანს თუნდაც იმაში, რომ წინასაარჩევნოდ გვპირდებოდა რამდენიმე საქართველოს ქალაქში კაზინოს ქალაქის შექმნას. გვპირდებოდა, მაგალითად ბათუმთან, გონიოში კაზინოს ქალაქის შექმნას. ასევე ამ ზაფხულს ირაკლი ღარიბაშვილმა გადასახადებისგან გაათავისუფლა რამდენიმე კაზინო და მოსაკრებელი გაუნახევრა თბილისში მდებარე კაზინოებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ორმაგ სტანდარტს და უტიფრობას, რომელიც ამ ხელისუფლებისთვის არის დამახასიათებელი და ადასტურებს იმას, რომ ქართულ ოცნებას აზარტული თამაშების რეგულირება და ამ პრობლემის მოწესრიგება კი არ უნდა, რეალურად უნდა აზარტული თამაშების გავლით მედიაზე მოახდინოს ზეგავლენა“, - აცხადებს საბა ბუაძე.

ბუაძე ამბობს, აზარტული თამაშები საქართველოში მწვავე პრობლემაა. მისი ინფორმაციით, მოზარდი მოსახლეობის თითქმის 10% არის დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეთა 20% ჭარბად თამაშობს აზარტულ თამაშებს.

ბუაძის თქმით, ეს პრობლემა გაღრმავდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ხელისუფლება უმოქმედო იყო ამ პრობლემის წინაშე. ახლა კი ხელისუფლება აზარტული თამაშების პრობლემაზე აქცენტით ცდილობს მედია შეავიწროოს.

ბუაძე ამბობს, რომ ლელოს მიზანი საზოგადოებისა და მედიის ინტერესების დაბალანსებაა. მათი საკანონმდებლო ინიციატივა მედიის გადასახადებისგან გათავისუფლებას გულისხმობს, რათა სარეკლამო შემოსავლების შემცირებით მედიასაშუალებებს ზიანი არ მიადგეთ.

„თქვენ იცით, რომ აზარტული თამაშებიდან სარეკლამო შემოსავლებში შესული თანხები შეადგენს მთლიანი კომერციული შემოსავლების 20%-ს ბევრი მედია საშუალებისათვის და ამიტომაცაა აუცილებელი, ჩვენ დავაბალანსოთ მედიის ინტერესი და კრიტიკულ მედიას არ მივცეთ შესაძლებლობა რომ ხელისუფლებისგან შეექმნას პრობლემები“, - განაცხადა პარტია ლელოს წევრმა.

***

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეგულაციების შედეგად აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდებათ სოციალურად დაუცველებს, საჯარო მოხელეებსა და 25 წლამდე ასაკის მოქალაქეებს - ჯამში 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს. 

როგორც მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.

რაც შეეხება რეკლამის შეზღუდვას, მისი თქმით, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.


close დახურვა