პარტია "ლელო" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც "დაჟინებით" მოითხოვს, რომ საქართველოს პრეზიდენთმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
"მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მორიგ ჯერზე გადადება და მისთვის საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა, ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების დარღვევაა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით კი, მისი სიცოცხლისათვის სახიფათო გადაწყვეტილება. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს სიცოცხლის უფლება, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე.
ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, მმართველ გუნდს და პირადად ბიძინა ივანიშვილს – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებათ მათ.
მაშინ, როდესაც ევროპარლამენტი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ნათელია, რომ სააკაშვილის საკითხი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ამ ქვეყნის მომავალზე, საქართველოს რეპუტაციასა და საერთაშორისო იმიჯზე. სწორედ ამიტომ, "ლელო" მრავალი კვირაა მოუწოდებს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ.
პასუხისმგებლობას ვერ ასცდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილიც. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ასევე საქართველოს პოლიტიკური წრეებიდან, რომლის ავანგარდში პარტია „ლელო" იდგა, სალომე ზურაბიშვილი არ იყენებს მის ხელში არსებულ ძალაუფლების ბერკეტს, რაც მის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს.
პარტია "ლელო" მისი ყველა პოლიტიკური ლიდერის და თითოეული წევრის სახელით, პირდაპირ და დაჟინებით მოითხოვს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისგან - შეიწყალოს საქართველოს მე-3-ე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს უახლეს ისტორიაში არ შეიძლება დავუშვათ მეორე პრეზიდენტის მკვლელობის პრეცედენტი. დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკებია და პოლიტიკურ კანიბალიზმს ჰგავს. ასეთი დამღით კი, ქართული საზოგადოება ვეღარასოდეს შეძლებს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად გახდომას და თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
სასწრაფოდ უნდა დავამთავროთ ეს ისტორიული ღალატი ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ!"- წერია განცხადებაში.
* * *
დღეს ევროპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუცია მიიღო. შედგენილ რეზოლუციას 608 ევროპარლამენტარიდან მხარი 430-მა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას პოლარიზაციის მაღალი დონის გამო და დოკუმენტში საუბრობს ოლიგარქიულ გავლენებზე, ანტიდასავლურ თავდასხმებზე, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე და პოლიტიზებულ სასამართლოზე. დოკუმენტში ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს გამოიყენოს კონსტიტუციური პრეროგატივა ამ საკითხის მოსაგვარებლად.