ლელო ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი მევახშეობით, ანუ "ფულის ხელზე გასესხებით" არის დაკავებული.
პარტიის წევრის, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, საბა ბუაძის თქმით, მმართველი გუნდი "ფინანსდება მევახშეობით და გამოსახლებული ადამიანების გაყიდული ბინების ფულით".
ბუაძის თქმით, "მევახშე დეპუტატები" არიან:
ეს დეპუტატები არიან:
"ისკო დასენი - დაკავებულია კერძო მევახშეობით და ფლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას „მისო ლიდერ კრედიტი“, რომელმაც 2018 წელს მოგების სახით მიიღო 10 მილიონ ლარზე მეტი. ისკო დასენის მიკროსაფინანსო ორგანიზაცციამ ქართულ ოცნებას 120,000 ლარი შესწირა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - 5,000 ლარი.
ბექა ოდიშარია - 2016 წელს გასესხებული ჰქონდა 170,000 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით მიიღო 22,723 დოლარის შემოსავალი. 2019 წელს „ინვესტიციის“ სახით გაცემული ჰქონდა 350,000 დოლარი, საიდანაც შემოსავლის სახით მიიღო 105,000 ლარი.
ილია წულაია - 13 კომპანიაზე გასესხებული აქვს 9.6 მილიონი დოლარი. ილია წულაიამ 2014 წელს, ისანში სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიიდან 250 დევნილი ოჯახი გამოასახლა და დასაკუთრებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსები ააშენა. ილია წულაიას ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 170,000 ლარი.
დავით სონღულაშვილი - გასესხებული აქვს 611,000 ევრო, საიდანაც შემოსავლის სახით მიღებული აქვს 38,000 ლარზე მეტი.
ამ ფონზე, არ არის გასაკვირი, რომ ოცნებამ არაფერი გააკეთა კერძო მევახშეობის შესაჩერებლად". - ამბობს საბა ბუაძე.
ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე 21 სექტემბერს გამოვიდა ინიციატივით, მევახშეობა აიკრძალოს და სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს.